აშშ

ტრამპის დაბლოკვის შემდეგ Twitter-ის აქციების ფასი 10%-ით დაეცა

NYP

სოციალურ ქსელი Twiter-ის აქციების ფასი სავაჭრო დღის გახსნიდან რამდენიმე წუთში 10%-ით შემცირდა. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ვარდნა ქსელის ადმინისტრაციის მიერ გასულ პარასკევს, 8 იანვარს, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი ანგარიშის დაბლოკვას უკავშირდება. 

სოციალური ქსელმა დონალდ ტრამპის ტვიტები ძალადობისკენ მოწოდებად მიიჩნია და გაფრთხილების დარღვევის შემდეგ დონალდ ტრამპის ანგარიშის სამუდამოდ დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპს ტვიტერზე თითქმის 88 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. 

დონალდ ტრამპის ანგარიში, იმავე მიზეზით, დროებით დაბლოკა Facebook-ის ადმინისტრაციამაც. ეს გადაწყვეტილებები ქსელებმა 6 იანვარს, აშშ-ს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღეს. 

დონალდ ტრამპის თქმით, არჩევნები გაყალბდა და მას გამარჯვება წაართვეს. თავის ტვიტებსა თუ სატელევიზიო ინტერვიუებში მას არც ერთხელ არ უღიარებია არჩევნების შედეგები. 6 იანვარს, როდესაც აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირებისთვის შეიკრიბა, შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ასობით დემონსტრანტი შეიჭრა, მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი და დაიკავეს შენობის ნაწილი, მათ შორის კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის პირადი კაბინეტიც. 

საჭირო გახდა ვიცეპრეზიდენტის და ნენსი პელოსის ევაუკაცია, პროცესი რამდენიმე საათით შეწყდა. ადგილზე, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ნაციონალური გვარდია მივიდა, რის შემდეგაც ვითარება შედარებით განიმუხტა. შეტაკებების დროს დაიღუპა 4 დემონსტრანტი და 1 პოლიციელი. 

სერტიფიცირების პროცესი რამდენიმე საათში დასრულდა და კონგრესმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. 

კომენტარები