ხანძარი

საგანგებო: ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი 9 ლოკაციაზე ფიქსირდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი 9 ლოკაციაზე ფიქსირდება.  მათივე ცნობით, 4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 257 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერების შესახებ, მათგან 248 ლიკვიდირებულია.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის:

რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

ტყის ქვედა საფარი და ეკალ-ბარდი იწვის - ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში.

ამ დროისთვის, ძლიერი დაკვამლიანება მხოლოდ სქურის კერაზე შეინიშნება, რაც გამოწვეულია ფოთლის წვით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დანარჩენ ორ კერაზე, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი წერტილი.

ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ არის შიდა ქართლში, თუმცა მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ჩაერთვება. კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. კერებთან ახლოს მიყვანილია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალოკალიზაციო სამუშაოებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე". -  წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები