კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: გრიპის ვაქცინის ათვისება იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე თავიდან იყო მოთხოვნა

ჯანდაცვის სამინისტრო

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა უფრო მეტი იყო, ვიდრე იმ ადამიანების რიცხვი, ვინც აცრა გაიკეთა, რაც კორონავირუსის შემთხვევაში გასათვალისწინებელია.

"შესყიდვა მოხდა 235 ათასი დოზის. ვაქცინის დიდი რაოდენობა გაიხარჯა. გაფართოვდა პირველადი რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი იმისთვის, რომ უფრო აქტიური ათვისება ყოფილიყო და მოცვაც უფრო ფართო ყოფილიყო.

გრიპის ვაქცინის ათვისება იყო იმაზე უფრო ნელი და ნაკლები, ვიდრე თავიდან იყო მოთხოვნა მასზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ კორონავირუსის ვაქცინისთვისაც. ვაქცინაზე მოთხოვნა თუ არ იქნება მისი შემოტანის შემდეგ დადგება ის მომენტი, რომ შესაძლოა საკმარისი რაოდენობის ადამიანი არ აიცრას. შესაბამისად, ახლავე ვიწყებთ ამაზე მუშაობას". - თქვა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კი ორსულებს მოუწოდა გაიკეთონ გრიპის აცრა, რადგან ის მათთვის ის უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი.

5 იანვარს ალიტრანიუსის ეთერში თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობა ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება საქართველოს შემთხვევაშიც.

6 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 233 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 666 კი გარდაიცვალა.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 489 პაციენტი.

კომენტარები