კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქნება დამატებით 300-დან 400 საწოლამდე

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება. მისივე თქმით, დაგეგმილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში სარეზერვო საწოლფონდის მომზადება:

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქმნება დამატებითი საწოლფონდი, რომელიც მალე იქნება მზად ოპერირებისთვის. ამ ეტაპზე საჭიროება არ არის, თუმცა მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქნება კიდევ დამატებით 300-დან 400 საწოლამდე". – თქვა მან.

რაც შეეხება შეზღუდვებს, მან თქვა, რომ საბჭო დააკვირდება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას და 1 800 ახალი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ გავრცელება არის აქტიური.

"კი განახევრდა შეზღუდვების ფონზე შემთხვევების რიცხვი, მაგრამ საყურადღებოა დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რამდენი ადამიანი ვლინდება კოვიდით, როდესაც ხდება გამოკვლევა. ეს მაჩვენებელი როდესაც არის 5%-ზე მეტი, ნიშნავს იმას, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური და შეიძლება უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ჩვენ დღეს ტესტირების შედეგად ვავლენთ". – თქვა მან.

6 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 233 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 666 კი გარდაიცვალა.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 489 პაციენტი.

კომენტარები