კორონავირუსი საქართველოში

N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა

გლდანის ციხე
facebook.com/moc.gov.ge

3 იანვარს N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ახალ კორონავირუსზე PCR-ტესტი ჩაუტარდა, საიდანაც 23 პატიმარს ვირუსი დაუდასტურდა. 

პენიტენციური სამსახურის ცნობით, არცერთ მათგანს Covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს და თავს კარგად გრძნობენ. უწყების ცნობით, ისინი დაწესებულების დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებულად, საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ არიან. 

"სხვა პატიმრებისგან (მათ შორის კოვიდინფიცირებულებისგან) იზოლირებულად არიან მოთავსებულები ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი პატიმრები, რომელთა ტესტების პასუხები უარყოფითი იყო. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მათაც არ აღენიშნებათ, თუმცა, ისინიც მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან". – წერია განცხადებაში. 

პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულების თანამშრომლები სამუშაოზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებით არიან აღჭურვილები და კვირაში ერთხელ PCR-ტესტი უტარდებათ, 72 საათში ერთხელ კი – სწრაფი ტესტი. 

"N5 დაწესებულებაში მყოფი 329 პატიმარი PCR-ტესტირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლის PCR-ტესტირებას, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით შემოწმდებიან იმისთვის, რომ ვირუსის არსებობის შემთხვევაში ადრეულ სტადიაზე მოხდეს მისი დიაგნოსტირება. ამასთან, ყველა პატიმარს მისი საჭიროების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა". – წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ტესტირება 31 დეკემბერს დაიწყეს. ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ტესტირება ჩაუტარდათ N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 22 მსჯავრდებულს. ყველა პასუხი უარყოფითი იყო. 

კომენტარები