მე-10 მოწვევის პარლამენტი

მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს

დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტმა 12 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია დაამტკიცა, მათ შორის მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაც, რომლის ხელმძღვანელიც და ერთადერთი ძირითადი წევრიც, ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე იქნება.

დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში კი ირაკლი ქადაგიშვილი და ზაზა ლომინაძე იქნებიან. 

"ეს არის ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა. უმრავლესობის 90 წევრიდან 45 წევრი არის გადანაწილებული 12 საპარლამენტო ასამბლეაში და ასევე დღეს შემოვიდა მოთხოვნა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან [პატრიოტთა ალიანსი] და სად არიან გადანაწილებულები, ამასაც მოგახსენებთ. ძალიან ძლიერი საგარეო გუნდი ჩამოყალიბდა". – თქვა საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. 

2019 წლის ივნისში სწორედ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მოიწვიეს საქართველოში რუსი დეპუტატები, მათ შორის კომუნისტი სერგეი გავრილოვი, რომელიც ასამბლეის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან წარუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი, მოგვიანებით კი ამ პროტესტის ძალადობრივი დარბევა მოჰყვა. 

მოვლენას, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში გავრილოვის ღამის სახელით შევიდა, ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტის მანდატის დატოვება მოჰყვა, რადგან სწორედ ის ხელმძღვანელობდა ქართულ დელეგაციას. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები