აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ ნენსი პელოსი აირჩიეს

ნენსი პელოსი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ ნენსი პელოსი აირჩიეს. 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას კვლავ დემოკრატიული პარტია ინარჩუნებს.

პელოსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მეოთხე ვადით გახდა და ამ პოსტს მომდევნო 2 წლის განმავლობაში, აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე დაიკავებს. პელოსი 2003 წლიდან არის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ის პირველი ქალი გახდა, რომელმაც პალატის სპიკერის პოსტი დაიკავა. ამჯერად პელოსიმ 216 კანონმდებლის მხარდაჭერა მოიპოვა, რესპუბლიკელთა ლიდერმა კევინ მაკკართიმ კი – 206.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კორონავირუსის დამარცხება იქნება. და ჩვენ მას აუცილებლად დავამარცხებთ". – თქვა არჩევის შემდეგ ნენსი პელოსიმ.

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკართიმ თქვა, რომ გასული 2 წელი კონგრესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პროდუქტიული იყო და ნოემბრის არჩევნების შედეგები ამის ნათელი დასტურია, ვინაიდან რამდენიმე ოლქში მოქმედი დემოკრატი კონგრესმენები რესპუბლიკელებთან დამარცხდნენ და პალატაში ჯამში 10 ადგილი დაკარგეს.

თავის მხრივ, დემოკრატიული პარტია მათი ინიციატივების დაბლოკვაში სენატს ადანაშაულებს, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ინარჩუნებს. სენატის ბედი 5 იანვარს ჯორჯიის შტატში დანიშნულ მეორე ტურებში გადაწყდება, სადაც 2 სენატორი უნდა აირჩიონ.

3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ რესპუბლიკურ პარტიას სენატში 50 ადგილი აქვს, დემოკრატიულს - 48. უმრავლესობის მოსაპოვებლად რესპუბლიკელებს კიდევ 1 სენატორი სჭირდებათ.

მეორე ტური გაიმართება ჯორჯიაში, ვინაიდან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება. ჯორჯიაში სულ ორი სენატორი უნდა აირჩიონ, რადგან სპეციალური არჩევნებიც იყო დანიშნული სენატორ ჯონი აიზეკსონის გადადგომის გამო. მის მოვალეობას კელი ლოფლერი ასრულებდა. ის სენატის არჩევნებში კენჭს იყრიდა, თუმცა მეორე ადგილზე გავიდა ხმების 26%-ით. პირველ ადგილზე დემოკრატი რაფაელ ვარნოკია 33%-ით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლოფლერმა რესპუბლიკელთა ამომრჩევლების ხმების ნაწილი იმის გამო დაკარგა, რომ კენჭს მასთან ერთად პარტიიდან კიდევ ერთი კანდიდატი, დაგ კოლინზი იყრიდა. მან 20% მიიღო და შესაბამისად მეორე ტურში ვერ გადავიდა. 

იმ შემთხვევაში, თუ ორივე ადგილი დემოკრატებმა მოიპოვეს, ორივე პარტიას სენატში 50-50 ადგილი ექნება და გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტის ხელში იქნება. ამ პოსტზე დემოკრატი კამალა ჰარისია არჩეული.

კომენტარები