აშშ

აშშ-ს სენატმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტზე ტრამპის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა

dailypolitical.com

აშშ-ს სენატმა 81 ხმით 13-ის წინაღმდეგ მხარი დაუჭირა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტზე ტრამპის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სენატმა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ფლობს, ტრამპის მიერ დადებული ვეტო დაძლია. მანამდე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც, სადაც უმრავლესობას დემოკრატიული პარტია ფლობს. ვეტოს დასაძლევად, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის წევრების 2/3-ის მხარდაჭერა იყოს საჭირო.

ვეტოს მიზეზად ტრამპმა დაასახელა პუნქტები, რომლითაც იზღუდება ავღანეთიდან და ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა და, ასევე, ჩნდება ამერიკული სამხედრო ბაზებისათვის კონფედერაციული შტატების ლიდერების სახელების შეცვლის შესაძლებლობა.

ტრამპს ასევე სურდა, კანონპროექტში მოხსენიებული ყოფილიყო სოციალური მედიის კომპანიები, კერძოდ, მათთვის მოეხსნათ გარკვეული პასუხისმგებლობისგან დაცვის მექანიზმები.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს აშშ-ს ბიუჯეტიდან თავდაცვაზე 740 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა. მასში ლაპარაკია გერმანიაში აშშ-ს სამხედრო ძალების შემცირებაზე და აშშ-ში სამხედრო ბაზებისათვის კონფედერაციული შტატების გენერლების სახელის გადარქმევაზე.

დოკუმენტში კანონმდებლები მხარს უჭერენ გერმანიაში აშშ-ს ძალების დარჩენას. გარდა ამისა, თავდაცვის დეპარტამენტი ვერ შეძლებს სამხედრო ძალის შემცირებას 34 500 ჯარისკაცზე ნაკლებ რიცხვამდე სპეციალური ანგარიშის წარუდგენლად, სადაც შეფასებული უნდა იყოს შესაძლო შედეგები. ეს ეწინააღმდეგება ივლისში პენტაგონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გერმანიაში მყოფი 36 000 ჯარისკაციდან 12 000-ის გამოყვანა იგეგმებოდა.

რაც შეეხება სამხედრო ბაზებისათვის სახელების შეცვლას, ტრამპმა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თქვა, რომ ეს საკითხი არც კი განიხილებოდა, თუმცა თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ამის საშუალებას იძლევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. გარდა ამისა, დოკუმენტში არ არის ტრამპის მიერ მოთხოვნილი პუნქტი სოციალური მედიის კომპანიების თაობაზე, ვინაიდან კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხს თავდაცვის ბიუჯეტთან საერთო არა აქვს.

კანონში გათვალისწინებულია თურქეთისათვის სანქციების დაწესება რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენის გამო. ის ასევე მოიცავს Nord Stream 2-ის და TURKSTREAM-ის გაზსადენების მშენებლობის გამო დაწესებულ სანქციებს. სანქციები დაუწესდებათ გაზსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს და ყველა სხვა კომპანიას, რომელიც ამ პროექტებთან არის დაკავშირებული.

კომენტარები