რუსეთი

რუსეთში ქალთა უფლებების ორგანიზაცია "უცხოეთის აგენტთა" სიაში შეიყვანეს

ორგანიზაცია Nasiliyu.net-ის თანამშრომლები
Nasiliyu.net

რუსეთში ქალთა უფლებების ორგანიზაცია Nasiliyu.net (არა ძალადობას) "უცხოეთის აგენტთა" სიაში შეიყვანეს. ინფორმაცია რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს. 

ორგანიზაციის დირექტორმა ანა რივინამ აღნიშნა, რომ Nasiliyu.net უცხოეთის აგენტთა სიაში დამატება განპირობებულია იმით, რომ ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს კანონპროექტს, რომელიც ოჯახური ძალადობის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. რუსეთში ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაცია 2017 წელს მოხდა. კანონმდებლები ცდილობენ, 2017 წლის ეს გადაწყვეტილება ახალი კანონპროექტით შეცვალონ.

რივინას ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ ორგანიზაციისგან ფინანსურ აქტივობასთან, ღონისძიებებთან  და პარტნიორებთან დადებულ შეთანხმებებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გამოითხოვა. 

კრემლის კრიტიკოსთა აზრით, ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას 2021 წლის არჩევნების გამო აძლიერებს, რათა კრიტიკა ჩაახშოს.

უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებული კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ის ორგანიზაციებს ავალდებულებს, წარადგინოს ანგარიშები ფინანსური აქტივობების შესახებ. აქტივისტები აქტიურად აკრიტიკებენ კანონს. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის მიზანია, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებული კრიტიკა ჩაახშოს.

კომენტარები