რუსეთი

პუტინმა "გამოსაფხიზლებლების" საბჭოთა პერიოდის სისტემის აღდგენა დააკანონა

RIA

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომლის ფარგლებში რუსეთის რეგიონები შეძლებენ არსებული სამედიცინო, სოციალური და მუნიციპალური დაწესებულებების ბაზაზე შექმნან ფასიანი "გამოსაფხიზლებლები". პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა თანმხლებ კანონს, რომელიც პოლიციელებს უფლებას აძლევს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქეები საავადმყოფოების ნაცვლად, "გამოსაფხიზლებლებშიც" გადაიყვანონ. კანონი ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა.

კანონპროექტის განმარტებითი ნაწილის თანახმად, რუსეთში ალკოჰოლით თრობა ყოველწლიურად 50 000 მოქალაქის სიკვდილის მიზეზი ხდება. მათ შორის ქუჩაში სიცივისგან 8 000-10 000 ადამიანი იღუპება. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი 2011 წლიდან 2018 წლამდე 34.9%-ით გაიზარდა.

ფედერალური მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დუმის კომიტეტის წარმომადგენელი, ალექსეი დიდენკო აღნიშნავს, რომ "გამოსაფხიზლებელში" ერთი ღამის გატარების ღირებულება, საშუალოდ, 1500 რუბლი (დაახლოებით, 66 ლარი) იქნება, თუმცა ზუსტი ფასს თითოეული დაწესებულება თავად დააწესებს.

სამედიცინო "გამოსაფხიზლებლების" სისტემა საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 30-40-იან წლებში შეიქმნა. 2011 წელს "გამოსაფხიზლებლები" შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გაიყვანეს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაში უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ ეს არ მოხდა. 

კომენტარები