გამყრელიძე: მოსახლეობის 50-60% უნდა აიცრას, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდეს, მოსახლეობის 50-60% უნდა აიცრას. მისივე თქმით,  ქვეყანაში COVAX-პლატფორმის საშუალებით შემოტანილი ვაქცინით მხოლოდ მოსახლეობის 20% შეძლებს აცრას.

"COVAX-ით ჩვენ ავცრით 20%-ს, დამატებით უნდა შეისყიდოს ქვეყანამ კიდევ საკმაოდ დიდი დოზები ვაქცინის, გარდა COVAX-ისა, მინიმალური იქნება 50%-დან 60% მოსახლეობის აცრა, რომ ჩვენი საზოგადოებრივი (ჯოგური) იმუნიტეტი გამომუშავდეს. 

საქართველოში უკვე, დაახლოებით, 220 000-ს გადატანილ-დადასტურებული აქვს ოფიციალურად ეს ინფექცია, მაგრამ გათვლებით, დაახლოებით ორჯერ მეტია, ანუ ჩვენთან ინფექცია გადატანილი აქვს სადღაც მოსახლეობის 15%-ს, მარტის ბოლოსთვის ეს პროცენტი უფრო მაღალი იქნება". – თქვა გამყრელიძემ ფორმულას ეთერში.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 766 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 ტესტი. 

28 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 206 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.

კომენტარები