კრიმინალი

შსს: 2 პირი ე.წ კანონიერი ქურდის, "შლაპას" დახმარებით, ბიზნესმენებს ფულს სძალავდა (Video)

shutterstock

სამართალდამცველებმა ზუგდიდსა და ხობში ჩატარებული სპეცოპერაციისას ორი პირი დააკავეს. 1959 წელს დაბადებულ რ.გ.-სა და 1964 წელს დაბადებულ კ.ქ.-ს ბრალად ედებათ "ქურდული სამყაროს" წევრობა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - როლანდ გეგეჭკორის (მეტსახელად "შლაპა“) მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან, სამეგრელოში, ბიზნესმენს - ბ.თ.-სა და მის ბიზნესპარტნიორს - ა.ც.-ს, პერიოდულად უკავშირდებოდნენ და „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ.

ამ მიზნით, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ
ე.წ. "კანონიერ ქურდს“ - როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს. ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 - 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ა.ც.-ს, ბ.თ.-სა და მას შორის. სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ  სახლებში მას შემდეგ
დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა - 10 000
ლარი გადასცა" - აცხადებს შსს.

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 9 987 ლარი და
"გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონებიც, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები