კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დღეს გარდაიცვალა ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ინფექცია

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე დღეს, 26 დეკემბერს მარნეულში გარდაცვლილ ექიმზე საუბრობს. გამყრელიძის თქმით, ექიმს უკვე გადატანილი ჰქონდა COVID-19. ეპიდემიოლოგი ფაქტს ტრაგედიას უწოდებს, მაგრამ ამბობს, რომ ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება.

"დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა, ჩემი კოლეგის, ჩემი თანამშრომლის, ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ეს ინფექცია და შემდეგ დაბრუნდა სამსახურში, სამწუხარო შემთხვევა, უეცარი სიკვდილი განვითარდა. ძალიან დიდი მწუხარება ამ ოჯახის მიმართ, ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელია ერთ-ერთ რეგიონში.

რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, მაგრამ ჯერჯერობით სისტემა უმკლავდება". – თქვა გამყრელიძემ.

დღეს, 26 დეკემბერს მარნეულში ავერსის კლინიკის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი 24 წლის იყო და ის თრომბოემბოლიური გართულებით გარდაიცვალა.  

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 784 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი.

26 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 220 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა.

კომენტარები