საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქო: ზოგ სასულიერო პირთა განცხადება ეწინააღმდეგება ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო  Facebook-ზე ავრცელებს განცხადებას, სადაც ეხმაურება საპატრიარქოს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის დროს საპატრიარქო არ აღიარებდა ვირუსის არსებობას და არ ემორჩილებოდა მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

"საზოგადოების უკეთ ინფორმირებისა და ბრალდებების საპირწონედ გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს სხვადასხვა დროს ეკლესიის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან, მათ შორის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვიდან, საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცადებებიდან და ა.შ.

ამჯერად გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს 2020 წლის 1 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ გავრცელებული მიმართვიდან.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:

ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:

ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია;

სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;
 
მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.
 
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II." – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ცალკეული სასულიერო პირთა ინდივიდუალური განცხადებები არ გამოხატავს და ეწინააღმდეგება ეკლესიის საერთო და ოფიციალურ პოზიციას.

 

20 დეკემბერს თბი­ლი­სის ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რმა, დეკანოზმა თეოდორე გაგნიძემ ქადაგებისას პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ქცე­ვა გა­აკ­რი­ტი­კა და განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს მთავრობის რეგულაციების და უსაფრთხოების ზომების დაცვის უარყოფის გამო მას და სხვა სასულიერო პირებს ბოდიში აქვთ მოსახდელი.

სასულიერო პირის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის პირველმა ტალღამ შედარებით მშვიდად გადაიარა, საქართველოში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ "ჩვენ ყველაზე კარგები ვართ და არაფერი უნდა ვისწავლოთ უცხოეთის ადგილობრივი ეკლესიებიდან". 

კომენტარები