ლილო მოლი: 2 დღით მოგვეცეს გახსნის უფლება, რათა მეწარმეებმა შეძლონ საქონლის ამოყიდვა

ლილო მოლის ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 24 დეკემბერს ღია ბაზრობები არ გაიხსნას, დისკრიმინაციულს უწოდებს და წერს, რომ ეს, შესაძლოა, მეწარმეებისთვის საქმიანობის დასრულების წინაპირობა გახდეს.

ადმინისტრაცია ასევე წერს, რომ თავდაპირველად, საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ 2-თვიან გეგმას გაგებით მოეკიდნენ და 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გახსნის იმედით მეწარმეებმა ასობით მილიონი ლარის ზამთრის სეზონის და საახალწლო პროდუქცია შეიძინეს.

"მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო ერთი კვირა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესს მიეღო ამ პერიოდისათვის ჩვეული მოგება, ეს იქნებოდა იმ აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება ყოველი კონკრეტული მეწარმისათვის, რაც მომავალი წლის პირველი ურთულესი თვეების განმავლობაში მისცემდა სრული განადგურებისგან დაცვისა და გადარჩენის საშუალებას.

საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენთვის არის აუხსნელი და გაუგებარი, გამოავლინა დისკრიმინაციული ხასიათი ამ სექტორში დასაქმებულ მეწარმეთა ერთი ნაწილის ათასობით სუბიექტის მიმართ, რომლებიც დადგნენ იმ საშიშროების წინაშე, რომ მათ მიერ შემოტანილი საქონელი საერთოდ დარჩეს გაუყიდავი, ფაქტიურად ერთი წლის მანძილზე, რაც შესაძლებელია მათი საქმიანობის დასასრულის წინაპირობად იქცეს". – წერია განცხადებაში.

ლილო მოლის ადმინისტრაცია საკოორდინაციო საბჭოს თხოვნით მიმართავს, რომ 26 და 27 დეკემბერს გახსნისა და ყველა რეგულაციის დაცვის პირობებში საქმიანობის უფლება მიეცეთ.

"ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს უკან მდგომი მეწარმეების სამომავლო მდგომარეობის თაობაზე და თხოვნით მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს, რათა ეპიდსაწინააღმდეგო სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვის პირობებში, უახლოეს შაბათ-კვირას, 26 და 27 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღით მოიხსნას ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვები, მოგვეცეს სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა, რა დროსაც მეწარმეებს მიეცემათ საქონლის ამოყიდვის საშუალება, თუნდაც მინიმალური ოდენობით". – წერია განცხადებაში.

22 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ღია და დახურული ბაზრობები აღარ გაიხსნება, აგრარული ბაზრობები კი მუშაობას განაგრძობენ. მანამდე, საქართველოს მთავრობა 2-თვიანი გეგმის პირობებში ღია და დახურული ბაზრობების 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გახსნას გეგმავდა.

კომენტარები