რუსი პროპაგანდისტი, შევჩენკო ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების მოწვევით იმყოფებოდა

ცნობილი რუსი პროპაგანდისტი და ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო ამბობს, რომ გასულ დღეებში საქართველოში იმყოფებოდა. როგორც შევჩენკომ თავის Youtube არხზე თქვა, იგი საქართველოში მისი მეგობრების მოწვევით იმყოფებოდა, რომლებიც მისი პირადი მეგობრები არიან.

"აზერბაიჯანის შემდეგ მე რამდენიმე დღით შევიარე საქართველოში, ეს ერთგვარად სენსაციური სიახლეა. მე ახლა მეტყვიან - როგორ შეძელით, საზღვარი დაკეტილია და თქვენ როგორ შეგიშვეს. მე მიმიწვიეს ჩემმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობიდან, მე შემიშვეს მათი დახმარებით, მომცეს ნებართვა. მე ჩავიტარე ანალიზები, მე მაქვს ანტისხეულები, რადგანაც უკვე მოვიხადე კორონავირუსი და თავისთავად ვიცავდი უსაფრთხოების ყველა წესს. ეს იყო საინტერესო შეხვედრები და საინტერესო მსჯელობები". - ამბობს შევჩენკო. 

აღსანიშნავია, რომ მაქსიმ შევჩენკო საქართველოში ჩამოსვლას ადრეც ცდილობდა, თუმცა იგი ოკუპირებული ტერიტორიების კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. შევჩენკო 2 რუს ჟურნალისტთან ერთად საქართველოში შემოსვლას 2009 წლის 2 სექტემბერს ცდილობდა, თუმცა ისინი სწორედ აღნიშნული კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. 

გასულ წლებში შევჩენკო აგვისტოს ომის გაჩაღებაში საქართველოს დებდა ბრალს, იგი ამბობდა, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე.

კომენტარები