1. ტეხავს, როდესაც ორმოცდაათს გადაცილებული კაცი თავს იწონებ იმით, რომ „იცი ქუჩა". ტეხავს, როდესაც ფიქრობ, რომ ეს გაძლევს უფლებას ვიღაცეები აგდებულად მოიხსენიო (მაგალითად, „პომპონჩიკიან ლიბერალებად"). სინამდვილეში „პომპონჩიკი" ყველაზე მეტად შენ მოგიხდება, რადგანაც მეექვსე კლასში ჩარჩენილი ბავშვი ხარ. „პომპონჩიკი" შენს ყალბ მრისხანებას საყვარელ სიტუტუცედ გადააქცევს და შენი ჩერჩეტობებიც ნაკლებად გაგვაბრაზებს.
2. ტეხავს, როდესაც გკიდია ათი მცნებიდან ცხრანახევარი და ბიბლიის ათი გვერდიც არ გაქვს წაკითხული, მაგრამ მზად ხარ რელიგიური ლიდერის გაკრიტიკების გამო ადამიანი დაჭრა (ან მინიმუმ შეიგინო).
3. ტეხავს, როდესაც ვერ არჩევ ჰომოსექსუალობას და პედოფილიას. ტეხავს, როდესაც ვერ არჩევ ზრდასრული ადამიანების ნებაყოფლობით ურთიერთობას ბავშვზე ძალადობისგან.
4. ტეხავს, როდესაც იჯერებ და ავრცელებ რუსულ პროპაგანდისტულ ვიდეოებს, როგორ „ყვავის ევროპაში პედოფილია და ინცესტი". ტეხავს, როდესაც რუსეთის აგენტი არ ხარ, მაგრამ ამას „ჭამ". თუ არ გჯერა და მაინც ავრცელებ, აგენტი ხარ.
5. ტეხავს, როდესაც ვერ ასხვავებ რუსული და ინგლისური ენების სტატუსს მსოფლიოში და ფიქრობ, რომ ინგლისურის სწავლა „რუსეთის ამერიკით ჩანაცვლებაა".
6. ტეხავს, როდესაც ფიქრობ, რომ თუ შენს თვალწინ ვიღაცას ძარცვავენ, „ჩაშვებას" ჯობია გაძარცვონ. ტეხავს, როდესაც იტყუები, ვითომ „ჩაშვების" მაგივრად სიტუაციას თვითონ მოაგვარებ და იარაღიან ტიპებს შიშველი „ვაჟკაცობით" გააქცევ. სინამდვილეში უბრალოდ გეშინია, იმიტომ რომ ქურდი მსხვერპლზე სახიფათო „როჟაა" და ამ შიშს „კაცური გაგებით" ამართლებ. და ეს ტეხავს.
7. ტეხავს, როდესაც ფიქრობ, რომ ქართველი შეიძლება იყოს მხოლოდ მართლმადიდებელი. ტეხავს, როდესაც ფიქრობ, რომ სტალინი სულხან-საბაზე, ზაქარია ფალიაშვილზე ან ზუბალაშვილებზე უკეთესი ქართველია, რახან სტალინი მართლმადიდებლურ სემინარიაში სწავლობდა, ისინი კი კათოლიკეები იყვნენ.
8. ტეხავს, როდესაც საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას, შენ კი ცდილობ საზოგადოების ყურადღება „ევროპის გარყვნილებაზე" და „თურქეთის ბოროტებაზე" გადაიტანო. ტეხავს, როდესაც ამტკიცებ, რომ არა რუსეთი, ახლა თურქეთის ნაწილი ვიქნებოდითო. არადა იცი, რომ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ბოლო ორას წელიწადში ვინმეს დამოუკიდებლობა წაართვა, რუსეთია. ტეხავს, იმიტომ რომ შინაგანად ნამდვილად იმპერიის აგენტი ხარ.
9. ტეხავს, როდესაც რიგითი ადამიანების — ქალების, კაცების, ბავშვების, ტაქსისტების, გამყიდველების, ბანკირების — ძარცვა, დაჭრა და მკვლელობები შინაგანად არ გადარდებს და მხოლოდ მაშინ „ხურდები", როდესაც ვინმე „ნისპრავედლივად შეეხო" ქურდს.
10. ტეხავს, როდესაც ვერ ხვდები, რომ ქართველობა არა გვარის დაბოლოებით და პაპის პაპის წარმომავლობით, არამედ საქართველოსთვის კარგის კეთების სურვილით განისაზღვრება.
11. ტეხავს, როდესაც ტყუილი არ გაღიზიანებს.
12. ტეხავს, როდესაც საკუთარ უპრინციპობას ამართლებ იმით, რომ „ყველაფერი ერთი ნაგავია".
13. ტეხავს, როდესაც ამტკიცებ, რომ გიყვარს საქართველო და ქართული კულტურა, მაგრამ სტალინის დროს ქართული ელიტის განადგურება იმდენად გკიდია, რომ სტალინის ძეგლების აღმართვაც კი არ გაბრაზებს.
14. ტეხავს, თუ ამ სიას წაიკითხავ, საკუთარ თავს ამოიცნობ და არ შეგრცხვება. გარეთ 2014-ია.