მე და ობამა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან 24 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.

შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და, შესაბამისად, მასმედია აქტიურად აშუქებდა ახალგაზრდა პრემიერის ამ წარმატებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო იყო და აქამდე ასეთი კეთილგანწყობით და მეგობრულად არასოდეს შეხვედრია ობამა არცერთ ქართველ პოლიტიკოსს.

„ობამამ მითხრა, რომ 24-საათიან მეგობრობას მთავაზობს. მითხრა, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია დავურეკო და ის მზად იქნება რჩევისთვის და დახმარებისთვის", – აცხადებს პრემიერი.

კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა ობამა ოვალურ კაბინეტში და რატომ შეუერთდა ბაიდენთან შეხვედრაზე, პრემიერმინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა – „მოგეხსენებათ, ოვალურ კაბინეტში მხოლოდ მე და ობამას მოგვიწევდა შეხვედრა, რაც ზედმეტად ოფიციალური გამოვიდოდა, მშრალი და ფორმალური, ობამა კი განწყობილი იყო შინაურულად და მეგობრულად, თან იქ ვერც მაია დაესწრებოდა, ვერც ბუკა პეტრიაშვილი, ეს იყო უპრეცედენტო და ძალიან კარგი შეხვედრა. ამის დასტურია ის ფოტოები, რომელიც მოსახლეობამ იხილა, ერთზე მე და ობამა მეგობრულად ხელს ვართმევთ ერთმანეთს, მეორე და მესამე კადრები შეხვედრიდანაა, სადაც ერთგან ჩანს, თუ როგორ საქმიანად ვსაუბრობთ, ხოლო შემდეგში, თუ როგორ იცინის პრეზიდენტი, რაც მიუთითებს მის უკიდურესად და უპრეცედენტო, ძალიან პოზიტიურ განწყობაზე საქართველოსა და მისი მთავრობის მიმართ".

მართლაც, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს პრემიერ ღარიბაშვილს უკან ამ ფოტოებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, საქმიანი საუბრის ამსახველი კადრი ჰქონდა კედელზე განთავსებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის შეხვდა ამერიკის პრეზიდენტს, ის სერიოზულად უდგება ამ საკითხს და გვაჩვენებს შედეგს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დაადასტურა ობამასა და ღარიბაშვილის შინაურული გარემო: „პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის, ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაზრდის თაობაზე. შემდეგ შინაურულად ისაუბრეს, პრეზიდენტი კარგ ხასიათზე იყო, დასასრულს ისიც კი უთხრა, რომ შემდგომ ჩამოსვლაზე ის ოჯახის წევრებსაც გააცნობდა, მათ შორის, მისი მეუღლის – მიშელის მამას. აღნიშნული შეხვედრის ფოტოებიდანაც კარგად ჩანს ის სერიოზული და პოზიტიური განწყობა, რომელიც იგრძნობოდა ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან".

თავისი აზრი გამოთქვა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ – „ვეთანხმები პრემიერმინისტრს, რომ ეს იყო ნამდვილად უპრეცედენტო და ძალიან, ძალიან კარგი შეხვედრა, ასევე გამარჯვებაა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ტელეფონის ნომერს გაძლევს და რჩევებისთვის 24 საათი მზადაა ესაუბროს ირაკლი ღარიბაშვილს. ნუ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხშირად შევაწუხოთ ბატონი ობამა ზარებით, მაგრამ რთულ მომენტებში შეიძლება დარეკვა და აზრის კითხვა. მით უმეტეს, თუ ვაშინგტონთან 9-საათიან დროის სხვაობას მივიღებთ მხედველობაში. როდესაც ჩვენთან შუა სამუშაო დღეა, იქ ღამეა, რაც გარკვეულ დაბრკოლებას ქმნის, საჭირო დროს მოხდეს ორი ქვეყნის მმართველებს შორის კონტაქტი".

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის შეფასებით, ღარიბაშვილი-ობამას ტელეფონების გაცვლამ დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლების კურსი ზუსტი და კარგად გათვლილია. კითხვაზე, თუ იქნა მიღწეული კონკრეტული შედეგი ამ ვიზიტიდან, თედო ჯაფარიძემ განაცხადა: „თუ ადამიანი შეხვედრის ამსახველ ფოტოსესიაში შედეგს ვერ დაინახავს, ან დაკვირვებული თვალი არ აქვს, ან არაფრის დანახვა არ სურს".

კომენტარები