რატომ ებრძვიან საქართველოში სტრატეგიულ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს?

რუსეთის ახალი ენერგოდოქტრინის გამოძახილი საქართველოში

ცოტა ხნის წინ ერთი მეტად საინტერესო დოკუმენტი გამოქვეყნდა - რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა. ბუნებრივია, მსგავსი სახელმწიფო დოკუმენტები და კონცეფციები ყოველთვის ზედმეტად არის გადატვირთული პოლიტ-ეკონომიკური ბელეტრისტიკით და ძირითად ტექსტუალურ ნაწილში უხვად არის, როგორც ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები იტყვიან ხოლმე, ყოვლად უსარგებლო და რაციონალურ შინაარს მოკლებული ე.წ. ბლა-ბლა-ბლა. ამიტომ, ასეთი დოქტრინები, კონცეფციები და სტრატეგიები საზოგადოების ფართო ფენებისთვის ინტერესის ძირითად ობიექტს თითქმის არასდროს წარმოადგენს.

ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოებისთვისაც, ყოველ შემთხვევაში მისი უდიდესი ნაწილისთვის, რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა, როგორც რუსული ენერგეტიკული კონცეფციის და სტრატეგიის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტი, პრაქტიკულად უცნობია. თუმცა, არის ამ ახალ დოქტრინაში ერთი ფრიად საინტერესო „დეტალი", რაც ვფიქრობ საყურადღებო უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის და მათ შორის, ალბათ განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფალთათვის. ახალ დოქტრინაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ განვითარებული ბაზრების ენერგეტიკული შესაძლებლობების ზრდა მკვეთრად შეზღუდული და ლიმიტირებულია. უახლოეს წლებში მსოფლიოში მოსალოდნელია ენერგო რესურსებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი მატება, განსაკუთრებით, განვითარებადი სახელმწიფოების მხრიდან. ამ ფონზე, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განვითარებადი ქვეყნების რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხის ზრდა. ანუ, განვითარებადი სახელმწიფოების დამოკიდებულების ხარისხი რუსეთის ენერგომატარებლებზე მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს.

ეს რუსეთს საშუალებას მისცემს ენერგეტიკა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის და შანტაჟის უფრო ეფექტურ ინსტრუმენტად აქციოს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ცხადი და თვალსაჩინო მაგალითია, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა რუსეთზე მაღალი ენერგოდამოკიდებულების გამო.

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების და რუსეთზე ენერგოდამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის საკითხის სიმწვავე და აქტუალურობა სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებას ბოლომდე გათვითცნობიერებული და გააზრებული არ აქვს. ამას მოწმობს ის, რომ ქყვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სიმდიდრის, ჰიდროენერგეტიკული რესურსის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ განსხვავებული პოზიციები არსებობს. ჯერ კიდევ ცხარე დებატები იმართება საკითხზე, უნდა აშენდეს თუ არა მაღალი სიმძლავრის დიდი ჰესები საქართველოში, რომლებსაც მხოლოდ საბაზისო ფუნქციის მქონე მცირე ჰესებისგან განსხვავებით, მკვეთრად გამოკვეთილი მარეგულირებელი და პიკური ფუნქცია ექნებათ და მნიშვნელოვნად მოხსნიან ზამთრის პიკურ პერიოდში ენერგოდეფიციტის და ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების აუცილებლობის პრობლემას. შესაბამისად, სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი რუსეთზე, საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხის შემცირებას უზრუნველყოფენ.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეების მაქსიმალური ზრდა, საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად ჩავანაცვლოთ თბოენერგია და თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგია ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიით. რატომ?! ძალიან მარტივი მიზეზის გამო - თავისთავად თბოელექტროსადგურების მშენებლობის და ამ სექტორის განვითარების წინააღმდეგი ბუნებრივია არავინ არის. მათ აქვთ საბაზისო და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თბოელექტროსადგურების მუშაობისთვის საჭირო ნედლეული საქართველოს არ გააჩნია და მის იმპორტს ახორციელებს. შესაბამისად, როცა ქვეყანაში თბოელექტროსადგურების ინდუსტრიას ვავითარებთ და ენერგოსისტემაში თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრით წილს ვზრდით, ჩვენ ამით პირდაპირ ვზრდით სხვა ქვეყნებზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხსაც. მაშინ როცა, ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკის და ჰიდროელექტროსადგურების ინდუსტრიის განვითარებით პირიქით, მაქსიმალურად ვამცირებთ საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხს სხვა სახელმწიფოებზე.

საზოგადოების მცირე ნაწილში ჰიდროენერგეტიკული საკითხისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულება და გარკვეული ანტიგლობალისტური განწყობები მხოლოდ სამი მიზეზით შეიძლება აიხსნას:

- ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობის და ზოგადად, სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების საკითხთან დაკავშირებული საფრთხეების გაუთვითცნობიერებლობა;

- ჰიდროენერგეტიკული შესაძლებლობების, მისი პოტენციალის გამოყენებასთან დაკავშირებული სიკეთეების და უპირატესობების არცოდნა;

- გარე ძალების ან მესამე მხარის ინტერესების მიზანმიმართული ლობირება და პირადი მოტივაცია.

აქედან, მესამე ყველაზე სახიფათო და საშიში ფაქტორია. როცა საზოგადოებაში, მართალია ძალიან მცირე, მაგრამ მაინც არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად იბრძვის ქვეყანაში მხოლოდ ჰიდროენერგეტიკის განვითარების და მხოლოდ ჰიდრორესურსების გამოყენების ეფექტურობის ზრდის წინააღმდეგ და ამავდროულად, ეს ჯგუფი არაფერს ამბობს თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე, აპროტესტებენ მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურების და ენერგოობიექტების მშენებლობას. მათ არ ახსენდებათ არც გარემო და გარემოზე ზემოქმედება, არც ეკოლოგია, არც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და საეჭვო დუმილს ამჯობინებენ მაშინ, როცა საუბარია ქვეყანაში თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე. დუმილს ამჯობინებენ, როცა მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხი აზერბაიჯანულ „სოკარზე", რომელიც ქვეყანაში გაზის პრაქტიკულად ერთადერთი, ექსკლუზიური შემომტანია.

უცნაურია თითქოს, არა? ეს დუმილი და მიკერძოებული დამოკიდებულება ბუნებრივია, უკვე ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს ბადებს.

რეალურად, შეგნებულ და მიზანმიმართულს თუ არა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ იმ ფაქტს, რაც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" (EBRD) დელეგაციის ვიზიტის დროს მოხდა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში". როცა, ანტიგლობალისტთა მცირე ჯგუფი პრაქტიკულად მიუვარდა EBRD-ის დელეგაციას და სასტუმროს ფოიეში ობსტრუქცია მოაწყო სამთავრობო სტრუქტურებთან მათი შეხვედრის დროს. ბუნებრივია, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პროცესი და ეს ე.წ. პროტესტი გარკვეული გარე ძალების ინტერესებსა და მიზნებს ემსახურებოდა, რადგან „პროტესტანტები" EBRD-ს ხაზგასმით მოუწოდებდნენ არ განეხორციელებინა ინვესტიციები საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში და ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში. ქართული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შემცირება, ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხება და საქართველოს ენერგოსისტემის სხვა სახელმწიფოებზე დამოკიდებულების ხარისხის ზრდა კი რუსეთის ახალი ენერგოდოქტრინის პირდაპირ ინტერესს წარმოადგენს.

 

კომენტარები