ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს


ბატონო ბიძინა,

მოგმართავთ, როგორც „ქართული ოცნების" ლიდერს, 7 მილიარდის პატრონს, საფრანგეთის მოქალაქეს, სან მარინოს საპატიო კონსულს საქართველოში, საქართველოს პრემიერმინისტრს და ბოლოს, როგორც ერთ უბრალო, მოკვდავ ადამიანს.

პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენმა გაპრემიერებამ ბევრ თემას კუთვნილი ადგილი მიუჩინა ადამიანთა ცხოვრებაში: უკანა პლანზე გადაიტანა უმნიშვნელო პრობლემები, რომლებიც ხშირად გვიბინდავდა გონებას და წინ წამოსწია მართლაც პრიორიტეტული, ეგზისტენციური საკითხები.

თქვენი წარმატებაც და წარუმატებლობაც პირდაპირ აისახება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ამიტომ, ბუნებრივია, მე თქვენი წარმატების მომხრე ვარ. მეტიც, მე მინდა მონაწილეობა მივიღო ჩვენს საერთო წარმატებაში. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, ძირეულ საკითხებში მაინც მესმოდეს თქვენი. სწორედ ამან მაიძულა, თქვენთვის წერილი მომეწერა. ვიცი, უზომოდ დაკავებული ბრძანდებით. ამიტომ, წერილი კითხვარის ფორმით შევადგინე და პასუხების შესაძლო ვარიანტებიც წინასწარ გაგიმზადეთ, რომ მინიმალური დრო წაგართვათ. იმედი მაქვს, თქვენი პასუხები საშუალებას მომცემს თავი დავაღწიო სიცრუის მანქანის ტყვეობას და დავიწყო ქვეყნის აღმშენებლობაში მოკრძალებული წვლილის შეტანა.

გარწმუნებთ, ამ კითხვების დასმა ჩემთვის არავის დაუვალებია. შესაბამისად, უმორჩილესად გთხოვთ, არ გაჯავრდეთ და ისე გამცეთ პასუხები. მაშ ასე:

როგორი მდგომარეობაა ამჟამად ეკონომიკაში?

1. უკეთესი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს
2. უარესი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს

იმატა თუ იკლო დასაქმებულთა რიცხვმა თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

1. იმატა
2. იკლო

როგორ აისახება ინვესტიციებზე თქვენ მიერ არაერთგზის გამოთქმული აზრი, რომ საქართველოს წარმატებები (მაგ., მეცხრე ადგილი მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით) მხოლოდ „პიარი" იყო და რეალობასთან შეხება არ ჰქონია?

1. ხელს შეუწყობს
2. ხელს შეუშლის

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემებია და საგადასახადო ორგანოები გადამხდელებს გადასახადების ავანსად გადახდას აიძულებენ, რაც შევარდნაძისდროინდელი მანკიერი პრაქტიკაა. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?

1. დიახ
2. არა

რა ბედი ეწია ელიტურ კორუფციას (ნაციონალების წილს დენის, გაზისა და წყლის ტარიფში, ასევე ბენზინის ფასში)? ვინაიდან თქვენს პირობებში ელიტური კორუფცია აღარაა, სად წავიდა ის ასობით მილიონი ლარის დანაზოგი, რომელიც ადრე რამდენიმე ნაციონალის ჯიბეში მიდიოდა?

1. ჩაიდო ეკონომიკაში, რაც აისახა ეკონომიკისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე
2. სხვა (გთხოვთ, განავრცოთ)

თქვენმა ხელისუფლებამ საპატიმროებიდან გამოუშვა 14 ათასამდე ადამიანი, მათ შორის ორასამდე ე.წ. პოლიტპატიმარი. თვლით თუ არა, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ჯაშუშობისთვის გასამართლებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები, მართლაც იყვნენ „პოლიტპატიმრები"?

1. დიახ
2. არა

თვლით თუ არა, რომ ჯავახეთელი სეპარატისტის, ვაჰაგან ჩახალიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება წარმოადგენს საფრთხეს ქართული სახელმწიფოსთვის?

1. დიახ
2. არა

თვლით თუ არა, რომ მარეკ დუდაევის ვადაზე ადრე გათავისუფლება გამართლებულია?

1. დიახ
2. არა

საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამხანაგების ბესელიასა და კაკაბაძის მიერ „პოლიტპატიმართა" სიის შედგენის პროცესს. ხომ არ აპირებთ, სთხოვოთ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საკითხით?

1. დიახ
2. არა

ამნისტირებულმა პირებმა ჩაიდინეს არაერთი მძიმე დანაშაული, მათ შორის მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა. თვლით თუ არა თავს პასუხისმგებლად იმ უდანაშაულო ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე, ვინც თქვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ამნისტიის შედეგად დაზარალდა?

1. დიახ
2. არა

როგორი მდგომარეობაა ამჟამად ციხეებში?

1. უკეთესი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს
2. უარესი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს

ხომ არ გსმენიათ თქვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში წამებით მოკლული ან ნარკოტიკებით გარდაცვლილი პატიმრების შესახებ? ხომ არ გაგირკვევიათ, როგორ მოახერხა პატიმარმა ციხიდან პირდაპირ ეთერში დაერეკა თქვენთვის?

1. დიახ (გთხოვთ, განავრცოთ)
2. არა

„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ამხანაგმა ბესელიამ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ კრიმინალის დამარცხება ციხეების უდანაშაულო ადამიანებით ავსებით შეძლო. ეთანხმებით ამ აზრს?

1. დიახ
2. არა

დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ ხელახლა გადაიკითხოთ შეკითხვა.

არსებობს ეჭვი, რომ „ციხის ვიდეოები" დადგმულია და მათი ავტორისთვის მსუყე თანხა გაქვთ გადახდილი. მთავარი პროკურორის შუამდგომლობით ვლადიმირ ბედუკაძისთვის ბრალის მოხსნამ ეს ეჭვი გაამყარა. თქვენ რომ მოვლენებს გარედან უყურებდეთ, ეს ფაქტი თქვენშიც ხომ არ აღძრავდა ეჭვს?

1. არ აღძრავდა
2. ვლადიმირ ბედუკაძე საქართველოს პატრიოტია

ამჟამად როგორი კრიმინოგენური მდგომარეობაა ქვეყანაში?

1. უკეთესი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს
2. უარესი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს

როდის აპირებთ დასაჯოთ 17 მაისის ორგანიზატორები და შემსრულებლები?

1. ზეგ
2. ველოდებით გამოძიებას

წინა ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდნენ საჯარო სამსახურში კადრების ერთგულების (და არა პროფესიონალიზმის) ნიშნით შერჩევის გამო. ამჟამად აქვს თუ არა ადგილი ნეპოტიზმს (თანამდებობის პირთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თავიანთი ნათესავებისა და ახლობლების მფარველობას)?

1. დიახ
2. არა

როგორი იყო ქართული ჯარი, პოლიცია და სახელმწიფო უწყებები სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ და როგორი სახელმწიფო ინსტიტუტები დაგახვედრათ მან თქვენ?

1. უკეთესი, ვიდრე შევარდნაძის დროს
2. იგივე, რაც შევარდნაძის დროს
3. უარესი, ვიდრე შევარდნაძის დროს

თუ პასუხი არის „უკეთესი", ვინ შექმნა ეს ინსტიტუტები:

1. სააკაშვილის ხელისუფლებამ
2. დრომ მოიტანა

როგორი მდგომარეობა იყო წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებათა მხრივ, 90-იან წლებთან შედარებით (ვიცი, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაცემული გაქვთ, მაგრამ არ სჯერათ. ეგებ ერთხელ და სამუდამოდ გააქარწყლოთ ეჭვები)?

1. უკეთესი
2. უარესი

არჩევნებამდე გვპირდებოდით, რომ მყისიერად გაიხსნებოდა ჟვანიასა და რაფალიანცის საქმეები. რატომ არ მომხდარა ეს?

1. ეს თქვენს ანალიზში ვერ ჯდება

ადევნებთ თუ არა თვალს ახალაიას პროცესს?

1. დიახ
2. არა

ბრაზობთ?

1. დიახ
2. არა

დასავლური მედია არ ცხრება. რას უპირებთ სიცრუის მანქანას, რომელიც კოალიციის ზოგიერთი მხარდამჭერის აზრით, შესაძლოა, ხვამლის მთაში იყოს დამალული?

1. აღმოვაჩენთ და გავაუვნებელყოფთ
2. სხვა (გთხოვთ, განავრცოთ)

ბევრი ჭორი დადის იმის შესახებ, თუ ვინ შექმნა და ატვირთა ე.წ. თალიბანის კლიპები. სახელდება ბერა ივანიშვილის, კოკა ყანდიაშვილის, გია ხუხაშვილის გვარები. ნათელს ხომ ვერ მოჰფენდით ამ საკითხს?

1. დიახ (გთხოვთ, განავრცოთ)
2. ვერა

რითი ხსნით იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 თვის თავზე, არცერთი ოფიციალური ვიზიტი არ გქონიათ არცერთ დასავლურ ქვეყანაში?

1. ნაციონალური საბოტაჟით
2. მოუცლელობით
3. სხვა (გთხოვთ, განავრცოთ)

არსებობს თუ არა რუსეთთან რიტორიკის შეცვლით ურთიერთობის დალაგების პრეცედენტი მსოფლიოს ისტორიაში?

1. დიახ
2. არა

თითქმის ყველაფერი, რაც ხელისუფლებაში მოსვლამდე გეგონათ (ენგურჰესის რუსეთზე გადაცემა, რუსეთის რეაქცია რიტორიკის შეცვლაზე და ა.შ.), მცდარი აღმოჩნდა. ხომ არ უშვებთ, რომ როცა ყველაფერში გაერკვევით, შეიძლება ნაციონალების პოლიტიკას დაუბრუნდეთ?

1. დიახ
2. არა

დაბოლოს, რაიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით?

წინასწარ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თქვენი დროისა და გულისხმიერებისათვის.

პატივისცემით,

ზაზა ბიბილაშვილი

კომენტარები