ტოლერანტობა

ტოლერანტობა არის გააზრება იმისა, რომ ადამიანი ადამიანია და ის წარმოადგენს კაცობრიობას

ამ სიტყვამ, ისევე, როგორც მრავალმა სხვა სიტყვამ თანამედროვე ზეპირსიტყვიერებაში და ლიტერაციაში თავისი ადგილი ხალხთაშორის ლექსიკაში არც ისე დიდი ხანია რაც დაიმკვიდრა. სიტყვის შინაარსისა და მით უფრო შესაბამისი ქცევის აუცილებლობის გააზრება კი დღესაც არ არის სათანადოდ დამკვიდრებული ამა თუ იმ საზოგადოებაში.

ეტიმოლოგიურად სიტყვა უკავშირდება ლათინურ - tolere-ს, რაც ატანას (თმენას) ნიშნავს. ლათინური tolerantia-შინაარსობრივი შევსებით გულისხმობს მდგრადობასა და ამტანობას, შემწყნარებლობას და დაშვებას.

თავდაპირველად ტოლერანტობის განმსაზღვრელი სიტყვა-ტერმინის არსებობის აუცილებლობა შეიძლება ითქვას, რომ აღმოცენდა ე.წ. სასულიერო წრეებში და ინსტიტუციებში, ვინაიდან დადგა აუცილებლობა იმისა, რომ სხვადასხვა მრწამსისა თუ რელიგიური შეხედულებების ადამიანებს შეძლებოდათ შედარებით მშვიდი თანაცხოვრება ერთ კონკრეტულ ტერიტორიულ სივრცეში. ხოლო ასეთი შინაარსის მქონე სიტყვა-ტერმინის და მით უფრო ქცევის (ტოლერანტობის გააზრების) არარსებობა იწვევდა მუდმივ დაპირისპირებას სხვადასხვა რელიგიური შეხედულების ადამიანებს შორის.

საინტერესოა, ტოლერანტობა, როგორც ასეთი, თანდაყოლილია, შეძენითი (მიმბაძველობასა და შედარებითობაზე დაყრდნობით) თუ ფსიქოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც წარმოუდგენელია გააზრების გარეშე.

ადამიანი ამ ქვეყანაზე გაჩენის (დაბადების) მომენტში არც ტოლერანტულია და არც არატოლერანტული ამი სიტყვის გააზრების თვალსაზრისით, მაგრამ მას ახალშობილს აქვს, ასე ვთქვათ - ბუნებრივი ტოლერანტობა. ის ღებულობს გარემოს ისეთს, როგორიც ის არის. თუ გარემო პირობითად ტოლერნტულია ქცევის თვალსაზრისით, ბავშვისთვის ეს იქცევა ნორმად და ასევე საპირისპიროდ იქცევა. თვითონ ახალშობილი მშობლებს (აღმზრდელებს), ღებულობს და უყვარს ისინი ისეთები, როგორებიც არიან. საკუთარი მე-სა და სოციუმს შორის არსებითი გამიჯვნა/მიკუთვნების ინტელექტუალურ პროცესამდე მისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მშობლის (აღმზრდელის) კანის ფერს, რელიგიურ შეხედულებებს, სქესობრივი ქცევის თვალსაზრისით კუთვნილობას, პოლიტიკურ თუ სხვა შეხედულებებს. ის ბუნებით ტოლერანტულია ამ ყველაფრის მიმართ.

კონკრეტული დამოკიდებულება ამა თუ იმ (ერთი შეხედვით, განსხვავებულ, არა ისეთ, როგორიც არის ახალშობილის მშობელი, აღმზრდელი) პირის მიმართ მას უყალიბდება გარემოსთან ურთიერთობის, პირველ რიგში კი მის მშობლებთან (აღმზრდელებთან) ინფორმაციულ/ემოციური ურთიერთობის შედეგად, პირობითი კატეგორიებით - ეს კარგია ან - ეს ცუდია, დაშვებისა და აკრძალვების (შეიძლება/არ შეიძლება გზით). ბევრია დამოკიდებული მშობლ(ებ)ის (აღმზრდელ(ებ)ის) გააზრებაზე თუ რას ნიშნავს, რას მოიცავს ტოლერანტობა, როგორც შინაარსობრივად, ისე ქცევითი თვალსაზრისით.

ტოლერანტობა ეს ადამიანის აქტიური პოზიციაა, რომელსაც იგი ავლენს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაძლებელია ბავშვს მიმბაძველობით, ანუ შეძენითად (დასწავლის შედეგად), განუვითარდეს ე.წ. ტოლერანტული ქცევისათვის დამახასიათებელი ჩვევები, რაც ამ ჩვევების ჩამოყალიბებისას ბავშვის მიერ არ იყოს გააზრებული (შინაარსის, მიზეზებისა თუ მიზნების თვალსაზრისით) ინტელექტუალურად, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ ასეთი ქცევა დამახასიათებელი იყოს იმ გარემოსთვის, რომელშიც იზრდება ბავშვი.

1995 წელს, პარიზში ხელმოწერილ იქნა ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია, მის თანახმად ტოლერანტობა - ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა - ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა - სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება."

შეიძლება ვთქვათ, რომ ტოლერანტობა არის შეძენილი მდგრადობა; გაურკვევლის, უცნობის მიმართ მდგრადობა; კონფლიქტის წინაშე მდგრადობა; მდგრადობა ქცევითი ე.წ. (პირობითი) გადახრისადმი. ეს განსაზღვრებები გულისხმობს განსხვავებული ნაციონალობის, რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ინვალიდობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვაგვარი შეხედულების, სოციალური ან ეთნიკური წარმომავლობის, საკუთრების და ზოგადად სხვის მიმართ დამთმენ დამოკიდებულებას.

დამთმენი თუ გააზრებული? ანუ თმენა თუ გააზრება?
მეოცე საუკუნის ენციკლოპედიურ ლიტერატურაში ტოლერანტობა თითქმის ყველგან ასოცირდება თმენასთან, უმეტესად ეს ორი სიტყვა-ტერმინი სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენება. ვფიქრობ, ტოლერანტობის თანამედროვე აღქმა შეუძლებელია გააზრების გარეშე. ეს არ არის თმენა-თმენისთვის, არამედ გულისხმობს ბევრად მეტს. გულისხმობს გააზრებას იმისა, რომ კაცობრიობა შედგება ადამიანებისგან, ადამიანები ცოცხალი ორგანიზმის სახეობის თვალსაზრისით ერთი სახეობაა, მაგრამ მათ განსხვავებული მე-აქვთ (არა კონსტრუქციის არამედ შინაარსის მიხედვით). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ადამიანთა პიროვნული ღერძები, ღირებულებები, აღქმები, თვალსაზრისები განსხვავებულია, საზოგადოება, ანუ ინდივიდთა ერთობა, გულისხმობს მრავალფეროვნებას. ტოლერანტობა ამ მრავალფეროვნების, როგორც ბუნებაში არსებულის გააზრებაა, მისი გაგება და მიღება.

ტოლერანტული საზოგადოება ტოლერანტი ინდივიდებისაგან შედგება. ეს საზოგადოება თავის მხრივ, განათლებული საზოგადოებაა, რომელიც პატივს სცემს საზოგადოებაში შემავალ თითოეულ ინდივიდს და აღიარებს მას, როგორც საკუთარი მე-ს აზრისა და ამ აზრის გამოხატვის ავტონომიურების მქონეს, რომელიც მხოლოდ ამრავალფეროვნებს ცხოვრებას, რომელიც ბუნებით მრავალფეროვანია და მისი შავ-თეთრად წარმოდგენა, მხოლოდ ილუზიაა და ეწინააღმდეგება იმას რაც არის. თუმცაღა შეიძლება სამყარო რეალურად ცოცხალ ორგანიზმთა თვალის შესაძლებლობებისგან დამოუკიდებლად შავ-თეთრია, მაგრამ ცხოვრება, სიცოცხლე - მრავალფეროვანია.

 

კომენტარები