მრწამს ერთი ეჭვი

მე საკმარისად გავიზარდე იმისთვის, რომ ჩემი რწმენა ეჭვებით არ იყოს სავსე. არსებობს რწმენა, რომელიც ჩვენგან არაფერს მოითხოვს, არსებობს რწმენა, რომლისთვისაც მცირე ადგილის გამოყოფა არავის უჭირს და არსებობს ისეთი, საქმის გარეშე რომ მკვდარია. ჩემი სწორედ ასეთია, - გამუდმებით ითხოვს არჩევანს და რაც მთავარია, საქმეს. თუ თქვენი რწმენაც ასეთია, ალბათ უკვე იცით, რომ ქრისტიანთა ცხოვრებაში ეჭვი ყოველი „მამაო ჩვენოს“ დასაწყისში ჩნდება და არა „ამენით“, - არამედ ეჭვით სრულდება იგივე ლოცვა.

თქვენ ყოველ დღე, ყოველი პირჯვრისწერის დასაწყისსა თუ დასასრულში, სახარებასთან ყოველი შეხებისას იბრძვით, რომ თქვენი რწმენის სახელით აღსრულებულ ყოველ საქმეს, თქვენივე ტვინმა არ დასცინოს, მწარე სიცილით. იბრძვით, რომ თქვენი გონების მიერ დასმულმა მრავალმა კითხვამ, არ მოსპოს თქვენივე გულში დამარხული წმინდა აბსურდი. ვიღაცისთვის, ეს ბრძოლა ამაო და სულელურია, მივაჩნივართ რა ჩვენ, ქრისტიანები, რეალობასთან აჯანყებულ სულელებად, ზღაპრებში რომ ეძებენ სიმშვიდეს.

და ეს არ არის დღე, როცა ჩვენ, მათ გამო უნდა ვეცრუოთ საკუთარ თავს. დიახ, მე ხშირად ვმარცხდებით გონების ხმის წინაშე. ჩემი გონება მოუსვენრად ეძებს პასუხს კითხვებზე და არასდროს აკმაყოფილებს პასუხები... მაგრამ შევამჩნიე, რომ ამ გაუთავებელ ომში, რწმენა ყოველთვის არ მარცხდება. დგება დრო, როცა შენ, გონებისავე თვალით უბრალოდ მიყვები მოვლენათა ჯაჭვს, განკაცებიდან - სიკვდილამდე, იმ წითლად წოდებულ პარასკევამდე, როცა ღმერთი მოკვდა. ყოველ ეტაპზე, შენ ფიქრობ, რომ სისულელეა... შემდეგ კი დგება ეს ოხერი კვირა და აგერ უკვე მეათე წელია ეჭვი გეპარება, რომ რომაელი ჯარისკაცები მართალს ამბობენ, - მისი გვამი მოწაფეებმა მოიპარესო.

ჩემი რწმენა არა, მაგრამ ეს ეჭვი არის მდოგვის მარცვლის ოდენა - მთის გადაგორებას ვერ ახერხებს, მაგრამ ცრემლის გადმოგორება შესძლებია. ბოლოსდაბოლოს, თუ ჩემი რწმენა დასაზღვრულია, არც გონებაა დაუსაზღვრელი. 

ქრისტე აღდგა! საპირისპიროში კი მე ღრმად მეპარება ეჭვი. იმ თორმეტიდან, ვინც ეს ამბავი გადმოგვცა, თერთმეტი წამებით მოკლეს. მათ კი არ გადათქვეს. ისინი, ვინც პარასკევს იმპერიის სასჯელაღსრულებას დაემალა და ქრისტე ჯვარზე მიატოვა, სამი დღის შემდეგ უშიშრად წარდგნენ წუთისოფლის მთავართა წინაშე და თქვეს ის, რაც შემდეგ ძირეულად შეცვლის სამყაროს: ქრისტე აღდგა! მე ჟურნალისტი ვარ და კარგად მესმის, როცა შენს წყაროს შეუძლია საკუთარი სიმართლე სისხლით დაადასტუროს, ოფიციალური წყაროს მიმართ, მინიმუმ ეჭვი უნდა გაგვიჩნდეს. 

და მე მწამს ამ ეჭვის, რომელიც აცოცხლებს ჩემს გულში რწმენას... მთელი სიმართლე კი ის არის, რომ თუ ერთხელ გახდი ქრისტიანი, შენ უბრალოდ აღარ გაქვს სხვა არჩევანი. 

Resurrexit, sicut dixit, alleluia


კომენტარები