ძალაუფლება, ფული და რაღაც სხვა

ამ ტექსტში საერთოდ არ იქნება ლაპარაკი დღევანდელი პოლიტიკური ძალების საგარეო ორიენტირებზე. შევეხები მხოლოდ და მხოლოდ მათ საშინაო პოლიტიკურ რიტორიკასა და იდეოლოგიას, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემის პრობლემებსა და სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევებს.

ძალაუფლება

 საერთო ადგილი გახდა იმის აღნიშვნა, რომ ნაციონალური მოძრაობის დისკურსი, იდეოლოგია თუ რიტორიკა განსხვავებული ელემენტების კონგლომერატია. მაგრამ არავინ იწუხებს თავს იმის დაზუსტებით, თუ კონკრეტულად რომელია ეს ელემენტები. შევეცადოთ ამის გაკეთებას.

დღევანდელი ხელისუფლების იდეოლოგიურ-დისკურსიულ კონტექსტში ორი ძირითადი მიმდინარეობა შეიძლება გამოვყოთ:

ა) რესპუბლიკანიზმი. ესაა იდეოლოგია, რომელიც ლაპარაკობს თანასწორობაზე, პრივილეგიების გაქრობაზე, კორუფციის, როგორც სოციალური უთანასწორობის წყრაოს, აღმოფხვრაზე, პროვინციების ცენტრთან გათანაბრებაზე. მისი მთავარი ღირებულებებია სამოქალაქო ერთობა და თანასწორობა; ამ ტრადიციას ჩვენში „სამოქაალქო ნაციონალიზმადაც“ მოიხსენიებენ.

ბ) ლიბერტარიანიზმი, რომელზეც ბევრად უფრო მეტი მითქმა-მოთქმა ატყდა ჩვენში, ვიდრე განუზომლად უფრო გავლენიანი რესპუბლიკანური მიმართულების ირგვლივ. ესაა იდეოლოგია, რომელიც ლაპარაკობს ინდივიდუალურ თავისუფლებაზე, როგორც საზოგადოების მოწყობის უპირველეს პრინციპზე; თავისუფალი ბაზრის, როგორც სახელმწიფოს ჩარევისაგან თავისუფალი სფეროს აუცილებლობაზე; და ა. შ. - კარგად ცნობილი საერთო ადგილების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. ამ მიმართულებას, უფრო ზოგადად, ლიბერალიზმსაც უწოდებენ (თუმცა „ლიბერალიზმი“ ასევე აღნიშნავს პროდასავლურ ორიენტაციას საერთოდ, ამიტომ უპრიანია ამ ყბადაღებული „ლიბერტარიანიზმის“, როგორც ტერმინის, შენარჩუნება).

ეს ორი ელემენტი, რესპუბლიკანიზმი და ლიბერტარიანიზმი, 2004 წლიდან დღემდე განმსაზღვრელი იყო ხელისუფლების როგორც რიტორიკისათვის, ისე პოლიტიკისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთთან ძნელად თუ მოვა სრულ ჰარმონიაში.(1) ოღონდ რომ ამ ორი იდეოლოგიის გვერდით ჭარბად გვხვდებოდა უბრალოდ პოლიტიკური ოპორტუნიზმის გამოვლინებები - ანუ ძლიერ საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან და კულტურულ ღირებულებებთან შეგუების სტრატეგია, ასახული ასევე რიტორიკულ დონეზეც, თუ მათთან დაპირისპირება პოლიტიკურად წამგებიანად ჩაითვლებოდა.(2)

მაგრამ ამ იდეოლოგიებსა თუ დისკურსებს მიღმა იდგა ერთი სრულიად რეალური რამ - პოლიტიკური ძალაუფლების „აღმოჩენა“ 2003 წლის რევოლუციის შემდეგ.(3) პოლიტიკა - ესაა სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების უნარი. უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ეს უნარი არაჩვეულებრივად გაიზარდა. ამ ზრდაში იყო როგორც ყველაფერი პოზიტიურის, ისე დიდი წილი ნეგატიურის წყარო. პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაციამ გახადა შესაძლებელი ინფრასტრუქტული პროექტების მეტ-ნაკლებად ეფექტური განხორციელება, რეფორმების სწრაფი გატარება, ინსტიტუტების სწრაფი მშენებელობა. მაგრამ მანვე გახადა შესაძლებელი საკუთრების უფლებების ხშირი დარღვევა, მანამდე კორუმპირებულ-ფრაგმენტირებული სასამართლოს დაქვემდებარება ერთი ინსტანციისადმი, მედია-ლანდშაფტის ეპოქასთან შეუსაბამო გაღარიბება და გაუდაბურება. მოკლედ, პოლიტიკური ძალაუფლების სწრაფი ზრდა ამბივალენტური ფენომენი იყო და არის, იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა მისი ეფექტური შეზღუდვა. მაგრამ ნეგატიურმა მოვლენებმა, როგორც ჩამოთვლილმა, ისე სხვებმა, შესაძლებელი გახადეს ამ პრობლემის იდენტიფიკაცია. გასაგები გახდა, რა მიმართულებით იყო სამუშაო, რათა ეს ძალაუფლების ეს ამბივალენტობა უფრო ერთმნიშვნელოვანი პოზიტიურობისკენ წაგვეყვანა.(4)

ფული 

მაგრამ ამასობაში მოხდა მოულოდნელი რამ - პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია „ქართული ოცნება“. როგორია ამ კოალიციის იდეოლოგია? (გავიმეორებ, რომ ვგულისხმობ არა საგარეო ორიენტირების ჩამოყალიბებას, არამედ საშინაო პოლიტიკის საფუძვლებს). ოპორტუნიზმი შეგვიძლია აქაც დავტოვოთ და ეკლექტიზმიც მივამატოთ. რასაკვირველია, ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ მისი იდეოლოგია პოპულისტურია, მაგრამ ეს არაა საკმარისი - საქართველოში პოპულისტურია ნებისმიერი პარტიის რიტორიკა. მე უფრო იმას ვიტყოდი, რომ ამ კოალიციას საერთოდ არანაირი იდეოლოგია არ აქვს და არც სჭირდება - ის აგებულია ერთი კონკრეტული ადამიანის ნებაზე და იდეოლოგიაც ისეთი იქნება, როგორიც იქნება ეს ნება კონკრეტულ დღესა თუ საათში. ამის გამო, შეიძლება მავანს ეთქვა, რომ ივანიშვილი ანომალიაა და ეს აზრი იმითაც გაემართლებინა, რომ ფინანსური რესურსები, რომლებიც ივანიშვილის მთავარ იარაღს წარმოადგენს, საქართველოში კი არა, მის გარეთაა დაგროვილი, რაც მეტ-ნაკლებად ბუნებრივ პროცესს ქვეყნის ეკონომიკის გავლენისა პოლიტიკაზე (და პირუკუ) შეუძლებელს ხდის.

მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი. სინამდვილეში ივანიშვილი წარმოადგენს პრინციპს, თუმცა ამ პრინციპს ის პირდაპირ არასოდეს აცხადებს. ეს პრინციპია ფულის პრიმატი პოლიტიკაზე. ესაა ცდუნება, ღარიბ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პროცესი იყიდო ფულით; ესაა პოზიცია, რომლის მიხედვითაც პარტიები, მედია-საშუალებები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციები, „ცნობადი სახეები“ და ა. შ. - ყველა ეს ელემენტი შეიძლება კერძო ფინანსებით იყიდო და პოლიტიკური სისტემაც შენ ხელშია.

ეს კი უკვე აღარაა ერთი ქვეყნისა თუ ერთი ადამიანის ანომალია. პოსტ-საბჭოთა სივრცეში დიდი ფულით ცდუნება ძალზე გავრცელებული რამაა.(5) საქართველოშიც გვქონდა პრეცედენტი, პატარკაციშვილის სახით. არაა გამორიცხული, ამას სხვა შემთხვევებიც მოჰყვეს. ფულის წარმომავლობა მხოლოდ მორალურ არგუმენტად თუ გამოდგება, თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში მისი დინების რეალური შეჩერება შეუძლებელია.

თუ ეს ანალიზი სწორია, მაშინ ორი შეცდომა უნდა ავიცილოთ თავიდან:

ა) არ უნდა ვიფიქროთ, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება უბრალოდ ორი პარტიაა, რომელიც ერთმანეთს პოლიტიკის სფეროში უპირისპირდება.(6) სინამდვილეში აქ ერთმანეთს უპირისპირდება ორი პრინციპი: პოლიტიკური ძალაუფლება (რომელიც ხშირად - და სამწუხაროდ - დაწესებულ საზღვრებს არღვევს) და კერძო ფული, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების ყიდვას ცდილობს. ამიტომაც საფრთხე, რომელიც ამ ორი ძალიდან მოდის - და მე აქ საგარეო ორიენტაციას კი არ ვგულისხმობ, არამედ შიდაპოლიტიკურ კონტექსტს - სრულიად არათანაბარია; დიახ, გადაჭარბებული პოლიტიკური ძალაუფლება ცუდი შედეგების მომტანია; მაგრამ ძალაუფლება საჯარო რამაა, რომლის წართმევა შეიძლება, მითუმეტეს დემოკრატიული ლეგიტიმაციის ზეობის ეპოქაში. რაც შეეხება ფულის მიერ ძალაუფლების ჩანაცვლება-ყიდვას, ეს ისეთი რაღაცაა, რისი გამოსწორებაც შეუდარებლად უფრო რთული იქნებოდა. კერძო ფული პოლიტიკაში, რომლის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი, გამოიწვევდა არათანაბარზომადობას მოქალაქეებსა და ერთ სუპერ-მოქალაქეს შორის, რომელიც დემოკრატიას სტრუქტურულად შეუძლებელს გახდიდა.

გ) ეს ორი ძალა ერთმანეთს ვერ დააბალანსებს, რადგან ფული პოლიტიკას უნდა აბალანსებდეს „გარედან“, ბიზნესიდან, ეკონომიკიდან; პოლიტიკის შიგნით ფულის უპრაგონო გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ კორუფციას იწვევს, და არა - დემოკრატიულ ბალანსს.(7) მავანს შეიძლება გაახსენდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც არაა სუფთა პოლიტიკისა და ეკონომიკის გამიჯვნის საქმეში. ნამდვილად.(8) მაგრამ „ქართული ოცნების“ რეცეპტი იგივეა, რაც თავის ტკივილის მკურნალობა გილიოტინით.

რაღაც სხვა

ვიცი, საზოგადოების ერთ ნაწილს გაუკვირდება, მაგრამ, როგორც დღეს ჩანს, ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს საგრძნობი უპირატესობით მოიგებს.(9) ოღონდ ეს სულაც არ იქნება ისეთი ტრიუმფი, როგორსაც საზოგადოების მეორე ნაწილი ელის.

საქმე ისაა, რომ ხელისუფლება სტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას, რომელთა გადაწყვეტას მათი გაცნობიერება სჭირდება.

თუ ნებისმიერ ჰიბრიდული რეჟიმის საფუძველში სამი ფაქტორი ძევს: ლეგიტიმურობა ხალხისგან, აღიარება ელიტისგან და რეპრესიული აპარატი, მაშინ ნაცმოძრაობას ყოველთვის ჰქონდა პირველი და მესამე, და თითქმის ყოველთვის აკლდა მეორე ელემენტი, ანუ ელიტის აღიარება. 2008 წლის არჩევნების მოგება სწორედ იმ შესაძლებლობაზე იყო აგებული, რომ ელიტა ყოველთვის უფრო ცოტაა რაოდენობრივად, ვიდრე ხალხი, ამიტომ თუ ამ ელიტას თავზე გადაახტები და პირდაპირ ხალხზე გახვალ, არჩევნებში მეტი ხმა გარანტირებული გაქვს. მაგრამ განსხვავებით გაჩეჩილაძისგან, ივანიშვილი სულაც არაა აუცილებლობით მხოლოდ „ელიტის“ ლიდერი. და ხალხის ლეგიტიმაციაც სულაც არაა კონსტანტა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის უპირობოდ ექნება.(10)ასეთ ვითარებაში ელიტის დათმობა ოპოზიციისათვის ისეთი ფუფუნებაა, რომელსაც ხელისუფლებისთვის მალე წაგების ტოლფასი შეიძლება გახდეს. დღის წესრიგში დგება ელიტის კოოპტაციის საკითხი, მაგრამ არა ისე, რომ ინდაურები უგზავნო მას ანდა ხელფასი უხადო არაფრის კეთებაში; არამედ ისე, როგორც ეს თანამედროვე საზოგადოების ადეკვატური იქნებოდა.

მოდით, დავსვათ მარტივი კითხვა- განა არ უნდა აშინებდეს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ის სოციალური ჯგუფი, რომლის სახელითაც მან რევოლუცია მოახდინა - საშუალო(დ) განათლებული კლასი, „ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე“ - ამ არჩევნებში, დამთრგუნველი უმრავლესობით, მის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას?(11) და საქმე ამ სოციალური ფენის არა მხოლოდ საშუალო ასაკის ადამიანებს ეხებათ, არამედ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ახლა იწყებენ ზრდასრულ ცხოვრებას. ეს პრობლემაა, რომელიც იმდენად ოპოზიციის სიყვარულიდან კი არ ამოიზრდება, რამდენადაც ხელისუფლების სიძულვილიდან.

და განა 2012 წლის არჩევნებით მთავრდება ყველაფერი? არა, მას მოსდევს 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები. თუ მოხდა და ბიძინა ივანიშვილმა მანამდე არც საბედისწერო შეცდომა დაუშვა და არც ყურადღება მოადუნა, რამდენად დიდი იქნება მომდევნო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შანსი? და, უფრო საჭირბოროტო შეკითხვა რომ დავსვათ, რამდენად შეძლებს ჩვენი პოლიტიკური სისტემა, გაუძლოს ფულის ასეთ შემოდინებას?(12)

ხელისუფლებას სჭირდება ახალი სტრატეგია. სოციალური პრობლემატიკისათვის ყურადღების მიქცევა აუცილებელი იყო, მაგრამ საჯარო სივრცისკენაც გახედვაც არანაკლებ აქტუალურია, თუმცა ეს აქტუალობა შეიძლება ასე პირდაპირ არ ჩანდეს. სამი ძირითადი მიმართულება შეიძლება გამოვყოთ:

ა) პარტიული მშენებლობა. პირველ რიგში თავად სახელისუფლებო პარტიაა ასაშენებელი. პირდაპირ ვქვათ - „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, საერთოდ არ ემჩნევა საკუთარი განვითარების დინამიკა, ის კი არა, ანალიტიკოსები იმასაც კი ამბობენ, რომ პარტიის სახელს არ იმსახურებს საქართველოში არსებული არცერთი პოლიტიკური გაერთიანება, ნაცმოძრაობის ჩათვლით. არადა, პოლიტიკური პარტია საუკეთესო მანქანაა საზოგადოების იმ ნაწილის ჩასართავად პოლიტიკურ პროცესში, რომელიც პოტენციურად მხარს გიჭერს.

ბ) სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენში ბატონობს აზრი, რომ სამოქალაქო საზოგადოება სპონტანურად უნდა განვითარდეს, მაგრამ სპონტანურად საქართველოში, მმკ-ს გარდა, იშვიათად რომ რამე გაფურჩქნილიყოს.(13) არადა, არის ამოცანები, რომელთა შესრულება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საქმეს უფრო ვნებს, ვიდრე არგებს.

გ) მედია. გულუბრყვილო - თუმცა სიმპათიის გამომწვევი - იდეალიზმი იქნებოდა მედიის სრული გათავისუფლების მოთხოვნა - გათავისუფლება არ მოხდება იმიტომ, რომ ამით არავინაა დაინტერესებული, არც ხელისუფლება, არც - ოპოზიცია.(14) მაგრამ ნამდვილად შეიძლება, პროპაგანდისა და იაფფასიანი გართობის მიღმა, ქართულ მედიაში გაჩნდეს რაღაც, რაც უფრო ადეკვატურად ასახავდა და, ასევე, მიმართავდა ახალი ცოდნისადმი და ღირებულებებისადმი გაჩენილ ინტერესებს.

ეს, რასაკვირველია, გულისხმობს ხელისუფლების სტრატეგიის გადასინჯვას. აქამდე მისი დამოკიდებულება ხშირად ცნობილ ანეკდოტს ჰგავდა: პოლკოვნიკი და ინჟინერი დავობენ, ვინ უფრო ჭკვიანია, სამხედროები თუ ინჟინრები. ბოლოს პოლკოვნიკი ჩამჭრელ კითხვას სვამს: თუ ინჟინრები ასეთი ჭკვიანები ხართ, მაშინ მარშით რატომ არ დადიხართო? მნიშვნელოვანწილად ზუსტად ასეთი იყო ხელისუფლების მიმართება სამოქალაქო სივრცეში მოღვაწე ადამაინების მიმართ: თუ ჭკვიანი ხარ, შემოდი ძალაუფლების იერარქიულ სისტემაში, თუ არადა - შენი აზრი არასაინტერესოა - იკითხებოდა მათ დამოკიდებულებაში. მაგრამ დღევანდელ კონტექსტში ასეთი დამოკიდებულების ფასი შეიძლება ძალიან ძვირი იყოს. იერარქიის გვერდით საჭიროა ჰორიზონტალური ბმებისა და კავშირების ერთობლიობა, რომელიც საკუთარ დინამიკას წარმოშობს და რომელიც არ გაიყიდება ფულზე და არ გაიცვლება ძალაუფლებაზე.

ძალაუფლებისა და ფულის ბრძოლამ მონიშნა ჩვენს საზოგადოებაში არსებული სიციარიელე, ნაპრალი, უდაბნო. და თუ არაფერი გამოსწორდა, პოეტის დრამატული დიაგნოზი ახდება: „უდაბნო იზრდება. ვაი მას, ვინც თავის შიგნით უდაბნოს მალავს“.

შენიშვნები
1.თუმცა ამ წინააღმდეგობის მნიშვნელობა არც უნდა გავაბუქოთ - ბოლოს და ბოლოს, სწორედ რესპუბლიკანიზმისა და „ლიბერტარიანიზმის“ (ანუ ლიბერალიზმის) განსხვავებული ტრადიციები წარმოადგენს, მაგალითად, აშშ-ში საზოგადოებრივ-კულტურული კონტექსტის განმსაზღვრელ ფაქტორებსაც.
2.ყველაზე კომიკური და თვალსაჩინო გამოვლინება ამ ოპორტუნიზმისა იყო 2007 წელს საშობაოდ ინტელიგენციის წარმომადგენლებისათვის გაგზავნილი ინდაურები, თუმცა მრავალი სხვა შემთხვევის გახსენებაც შეიძლება. რიტორიკის დონეზე განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რელიგიური შინაარსების გამოყენება.
3.ეს მომენტი ზუსტად მონიშნა გიგი თევზაძემ 2003 წელს გამოქვეყნებული წიგნის სათაურში „ძალაუფლების დაბრუნება“.
4.დისკუსია თემაზე, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი 2013 წლის შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს, ახალი კონსტიტუციის მიღებისთანავე დაიწყო, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ - როგორც ძალაუფლების შეზღუდვის მექანიზმების ამუშავების მცდელობა.
5.რუსეთში როგორც ელცინის, ისე პუტინის დროს ოლიგარქები - ანუ ბევრი კერძო ფული - პოლიტიკური სისტემის ისეთივე მნიშვენლოვანი ნაწილია, როგორც ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური პოლიტიკური ინსტიტუტი. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის შეუძლებელი თანამედროვე რუსული პოლიტიკური სისტემის რეფორმირება.
6.ჩემი აზრით, ამ საკმაოდ გავრცელებულ აზრს ისეთი მრავალმხრივი და ნიუანსირებული ანალიზიც კი ვერ გაურბის, როგორსაც სალომე ასათიანის გთავაზობს რადიო „თავისუფლების“ საიტზე გამოქვეყნებულ  უკანასკნელ ბლოგებში  (http://www.radiotavisupleba.ge/content/salome-asatiani-blog-populism/24659102.html).
7.არ უნდა ვიფიქროთ, რომ ფულის არარეგულირებულ გამოყენებას პოლიტიკაში მხოლოდ საქართველოში ებრძვიან. მაგალითისთვის მოვიყვან ძალიან ეგზოტიკურ რეგულაციას: აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ნებადართულია სპეციალური ფონდის შექმნა,მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ფონდის მმართველებს ანარაირი ურთიერთობა არ ექნებათ თავად კანდიდატთან და ფულს საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავენ (და არა - კანდიდატის საჭიროებისამებრ).
8.ძირითადად აქ სახელმწიფოს  ბიზნესში  ჩარევას ვგულისხმობ. რაც შეეხება ე. წ. ელიტურ კორუფციას, მასზე საუბარი, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან გადაჭარბებულია. რასაკვირველია, სულაც არაა გამორიცხული, მეტიც, ჭკუასთან ახლოა, რომ ელიტური კორუფციის კონკრეტული ფაქტები არსებობს, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური სისტემა, განსხვავებით მისი წინამორბედისაგან, კორუფციაზე, როგორც პრინციპზე,  არაა აგებული.
9.ცნობილია, რომ უცხოელ დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან „ქართული ოცნების“ ლიდერები საკუთარ ელექტორალურ შანსებს შეუდარებლად უფრო მოკრძალებით აფასებენ, ვიდრე მიტინგებზე.  თუ გავითვალისწინებთ კოალიციის მაჟორიტარების სიას, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს (ვერც „იდეალისტურ-ღირებულებითი“ და ვერც „რეალპოლიტიკური“ თვალსაზრისით), მას სერიოზული წარმატების შანსი მაშინ გაუჩნდება, თუ ხელისუფლება კიდევ უფრო უარეს სიას წარმოაგენს.
10.ზოგადად, ხალხზე აპელირება ჩვენ მსგავსი ქვეყნის კონტექსტში  პრობლემური რამაა, რაც ახლახანს შეგვახსენა ზაალ ანდრონიკაშვილის  საინტერესო ანალიზმა, სადაც ის მოსახლეობის ბრბოდ ტრანსფორმაციის საფრთხეზე საუბრობს (http://www.radiotavisupleba.ge/content/zaal-andronikashvili-what-people-want-blog/24652320.html).
11. აქ ფსიქოლოგიური ახსნაც შეიძლება გვეცადა: თუ შევარდნაძის რეჟიმისადმი ამ კლასის ზიზღი გაპირობებული იყო განსხვავებულობით („ვინაა ეს ხალხი, რომელიც გვმართავს?!“), სააკაშვილის რეჟმისადმი ზიზღი გაპირობებულია მსგავსებით („რატომაა, რომ ეს კარგად ნაცნობი ხალხი გვმართავს?!“). მე-19 საუკუნის მხატვრული ლიტერატურის ნებისმიერი მცოდნე გეტყვით, რომ მსგავსებით გამოწვეული ზიზღი უფრო ძლიერია, ვიდრე განსხვავებულობით.  მხოლოდ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი ამ უარყოფითი დამოკიდებულების ასახსნელად ნამდვილად არ კმარა, თუმცა ის კარგი თემა იქნებოდა რომანისათვის. როგორც კურტ ვონეგუტი ამბობდა, „ნამდვილი საშინელება ისაა, როცა ერთ დილას  გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ ქვეყანას შენი კლასელები მართავენ“.
12. ჯერ-ჯერობით, “ქართული ოცნების“ ორი შესაძლებელი პოსტ-საარჩევნო სტრატეგია იკვეთება: პირველია რევოლუციური სიტუაციის შექმნა; მეორეა პარლამენტში შესვლა და იქ ხელისუფლების მომხრე დეპუტატების გადაბირება. მეორე სტრატეგია თითქოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ მასშიც გადამწყვეტი როლი ფულს უჭირავს. ცდუნება ფულით  საუკეთესო (ნორმალიზებულ, მშვიდობიან) შემთხვევაშიც კი მთავარი გამოწვევა იქნება.
13. ჯერ-ჯერობით, “ქართული ოცნების“ ორი შესაძლებელი პოსტ-საარჩევნო სტრატეგია იკვეთება: პირველია რევოლუციური სიტუაციის შექმნა; მეორეა პარლამენტში შესვლა და იქ ხელისუფლების მომხრე დეპუტატების გადაბირება. მეორე სტრატეგია თითქოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ მასშიც გადამწყვეტი როლი ფულს უჭირავს. ცდუნება ფულით  საუკეთესო (ნორმალიზებულ, მშვიდობიან) შემთხვევაშიც კი მთავარი გამოწვევა იქნება.
14.რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა „მეცხრე არხის“ შექმნით -გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაკვეთილი მედია-მონიტორინგის რეზულტატების მიხედვით, „მეცხრე არხი“  ჟურნალისტური ობიექტურობის დაცვის საქმეში როგორც სახელისუფლებო, ისე სხვა ოპოზიურ არხებს საგრძნობლად ჩამორჩება და სადღაც მათსა და „რეალ ტივის“ შორის დგას (http://www.gpb.ge/Researchs.aspx?LangID=1).

კომენტარები