შანსები და საფრთხეები

ის, რაც დემოკრატიის შანსს ქმნის, ამავე დროს, დიდი საფრთხის წყაროც შეიძლება იყოს. დემოკრატიის მთავარი ნიშანია ძალაუფლებისთვის ღია და საჯარო ბრძოლა, ოღონდ წესების ფარგლებში. მაგრამ რა გარანტიაა, რომ მხარეები წესებს დაიცავენ, როცა ფსონი ეგზომ მაღალია? საიდან ვიცით, რომ დაპირისპირება სამოქალაქო ომში არ გადაიზრდება? მეორე მხრივ, თუ ძალაუფლებისთვის ღია კონკურენციას არ დაუშვებ, ნებისმიერი (სულერთია, კარგი თუ ცუდი) მთავრობის მოქმედება შეიძლება ტირანიაში გადაიზარდოს.

შიშების ჰიბრიდი

ჩვენი დღევანდელი სიტუაციის მიმართ გამოთქმა „სამოქალაქო ომი”, რა თქმა უნდა, გაზვიადებაა – ისევე, როგორც „ტირანია”. მაგრამ, ლოგიკურად, სწორედ ამ პოლუსებს შორის ვმოძრაობთ. როგორც კი საქართველოში პოლიტიკური კონკურენციის დონე იზრდება და ოპოზიციას გამარჯვების იმედი უჩნდება, იწყება საუბარი, რომ „საზოგადოება გაიხლიჩა”, რომ ყველაფერი შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს და, საბოლოოდ, „ქვეყანა აირიოს”. თუ, პირიქით, ვითარება დაწყნარდა, ვიწყებთ წუხილს იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი მოკვდა და მმართველ ძალას აღარაფერი აწონასწორებს. ჩვენი ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმის არსს შეიძლება სწორედ ამ ორი შიშის მონაცვლეობა გამოხატავდეს.

ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შანსი ძალადობის რისკზე გადის. ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში, სამწუხაროდ, რთულია წარმოვიდგინოთ მწვავე პოლიტიკური კონკურენცია ამ რისკის გარეშე. მისი თავიდან აცილება შეუძლებელია – რაც არ ნიშნავს, რომ თვით ძალადობაა გარდუვალი. რა უნდა გაკეთდეს მისი თავიდან ასაცილებლად?

ინციდენტები და პასუხისმგებლობა

მერეთის და კარალეთის ინციდენტებმა სამოქალაქო დაპირისპირების აჩრდილს რეალური კონტურები შესძინა. ყველას მაშინვე გაახსენდა 2003 წელი, როცა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მცდელობებს, მიტინგები გაემართა ბოლნისში, ზუგდიდსა თუ ბათუმში, ცემა-ტყეპით და ქვებით დახვდნენ. ძალადობის მასშტაბი მაშინ გაცილებით დიდი იყო, მაგრამ პარალელები ბუნებრივია.

ასევე ბუნებრივია, რომ ძალადობრივი ეპიზოდებისთვის პოლიტიკური მხარეები ერთმანეთის დადანაშაულებას ეცდებიან. მიუკერძოებელი არბიტრის ფუნქციის არ ვიტვირთავ – მით უმეტეს, რომ ასეთად მაინც არავინ მაღიარებს. მაგრამ ერთი ცხადია: თუ ამ ყველაფერმა მეტ-ნაკლებად სისტემური სახე მიიღო, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. საუკეთესო შემთხვევაში, ძალადობის შეწყნარება მას სისუსტედ ჩაეთვლება, უარესში კი – ოპოზიციის მიმართ რეპრესიის შეგნებულ პოლიტიკად.

რა შეიძლება გაკეთდეს?

მართალია, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მაგრამ რეალური შედეგის მისაღწევად ძირითადი მხარეები თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდნენ. ხელისუფლების ბოლოდროინდელი შეთავაზება ამ მიმართულებით სავსებით რაციონალურია. მაგრამ, როგორც ოპოზიციის რეაქციიდან დავინახეთ, მისი წარმატების შანსი მინიმალურია. რატომ?

მიზეზი ორია: ღრმა უნდობლობა და პოლიტიკური ინტერესი. პირველი თვალსაჩინოა და მასზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს. მაგრამ ვის ინტერესს უფრო პასუხობს ძალადობრივი ინციდენტების გაგრძელება? ბიძინა ივანიშვილმა, რადიკალურ- რევოლუციური მეთოდების უარყოფით, ხაზი გაუსვა თავის კონტრასტს „ძველ” ოპოზიციასთან და ეს მიდგომა აშკარად მოგებიანი აღმოჩნდა. მაგრამ მერეთ-კარალეთის ტიპის ინციდენტები მას აშკარად აძლევს ხელს, ოღონდ ერთი პირობით: თუ ისინი მთავრობას დაბრალდა.

ასეთი გათვლა კარგად ჯდება მის ზოგად სტრატეგიაში. ის ღიად აცხადებს (სრულიად სწორად), რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და არმინიჭება ხელს აძლევს, ის დემონსტრაციულად არ იხდის კონტროლის პალატის დაკისრებულ ჯარიმებს, რათა მას ქონება დაუყადაღონ და, რაც განსაკუთრებით მოგებიანია, ხელისუფლებას ცოდვად დაედოს დამოუკიდებელი მედიის სიგნალის გავრცელებისთვის ხელის შეშლა. პარალელურად, ის დიდ თანხებს უხდის ლობისტურ კომპანიებს დასავლეთში, რათა საქართველოს ხელისუფლება დიქტატურად წარმოაჩინონ.

ეს თამაში ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებულია: ხელისუფლება კანონების მუხლებზე აკეთებს აპელირებას, მაგრამ ესენი დიდად არავის აინტერესებს (მით უმეტეს, რომ თავად ეს მუხლები ხშირად სწორედ ივანიშვილის გამოა მიღებული). ოპოზიციის პროპაგანდისტებს კი სულ ახალი და ახალი საბუთები ეძლევა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდით ებრძვის ოპოზიციას და დამოუკიდებელ მედიას.

ამიტომ, ხელისუფლებას ნაკლებად უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ქართული ოცნება არჩევნებამდე რამეზე საჯაროდ შეუთანხმდება. ძალადობის ტალღის გაუვრცელებლობაზე მას მარტო მოუხდება ზრუნვა.

სადაა ყველაზე დიდი საფრთხე?

ჩემი ვარაუდით, მსხვილმასშტაბიანი ძალადობა არჩევნების წინა პერიოდში ან არჩევნების დღეს არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს და მისი ალბათობა მცირეა. მთავარი საფრთხეები შემდგომ პერიოდს ეხება.

ცხადია, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას ვერ გამოვრიცხავთ. მაგრამ ივანიშვილის საკმაოდ წარმატებული მიტინგო-კამპანიის შემდეგ გაკეთებული კვლევები მაინც ხელისუფლების დამაჯერებელ გამარჯვებას წინასწარმეტყველებს, ამიტომ ეს სცენარი უფრო ალბათური რჩება. თუ ასეა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია დამარცხებას? ეს ამ წუთში ყველაზე უფრო რთული კითხვაა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველაფერი ცხადი იყო: ოპოზიცია წინასწარ ემზადებოდა წაგების შემთხვევაში შედეგების არცნობისა და, შემდეგ, „ვარდების რევოლუციის” გამეორებისთვის. მაშინ ბადრი პატარკაციშვილმა კონკრეტული გეგმაც კი გაგვაცნო, როგორ აპირებდა არჩევნების შედეგების გაყალბების ინსცენირებას. სხვა საკითხია, ბოლოს რატომ ვეღარ გაბედეს გამწვავებაზე წასვლა – გამოუყენებელ შანსს ბევრი დღესაც გლოვობს.

დღევანდელი ოპოზიცია რას აპირებს? მისი ქცევა ჯერჯერობით არ გვაძლევს საშუალებას, ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი გავცეთ. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმის ხშირი განმეორება, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს, ქმნის მოლოდინს, რომ ის უკიდურეს გამწვავებაზე არ წავა. მეორე მხრივ, ვერ გამოვრიცხავთ, დღევანდელი ხაზგასმული ზომიერება მომავალი რადიკალიზმის წინასწარ ლეგიტიმაციას ემსახურებოდეს: „მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, მაგრამ სისხლიანმა დიქტატურამ რევოლუციის გარდა სხვა შანსი აღარ დაგვიტოვა”.

მაგრამ ამის გასაკეთებლად მხოლოდ სიტყვები არ კმარა. „ვარდების რევოლუციის” ლეგიტიმურობა დიდწილად იმაზე იყო დამოკიდებული, რომ მაშინდელმა სამოქალაქო საზოგადოებამ არჩევნების მასობრივი გაყალბების უტყუარი საბუთები მოიპოვა ეგზიტ-პოლებისა და ხმების პარალელური დათვლის სახით, რომელთაც, თავის მხრივ, დასავლეთის ავტორიტეტი უმაგრებდა ზურგს. ასეთი რამ შემდეგ აღარ განმეორებულა.

ქართველი ხალხის ახალი მტრები

ამ კონტექსტში ოპოზიციის განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორია მისი დამოკიდებულება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიმართ. მათი შედეგების ეჭვის ქვეშ დაყენება განვითარებულ დემოკრატიებშიც „მოსულა”, მაგრამ იქ შეგნებულ ფალსიფიკაციაზე არავინ საუბრობს. როცა ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციების (NDI და IRI) მიერ ჩატარებულ კვლევებს სინამდვილეში ვანო მერაბიშვილი ატარებს (მომავალში ამ საქმეს, ალბათ, ბაჩო ახალაია გადაიბარებს), ხოლო მისი პროპაგანდისტები ამ მოსაზრებას შემდეგ კბილებით იცავენ, ეს ძალიან ცუდ პრეცედენტს ქმნის და ხელს უწყობს პესიმისტურ პროგნოზებს არჩევნებისშემდგომი სიტუაციის მიმართ.

ასეთი რამის მთქმელი ნაკლებად გაუწევს ანგარიშს ვისიმე დასკვნას არჩევნების სამართლიანობის თაობაზე. ავად თუ კარგად, საერთაშორისო საზოგადოება არბიტრის როლს ასრულებდა საქართველოში: მის ცალკეულ რეკომენდაციებს არ ეთანხმებოდნენ და აკრიტიკებდნენ, მაგრამ ქვეყნის შეგნებულ მტრობას და „ქართული საზოგადოების აზრის გაუპატიურებას” (ივანიშვილის ერთ-ერთი პროპაგანდისტის ფრაზაა) ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები მაინც არ აბრალებდნენ.

ის, რომ 2007-2009 წლების კრიზისული სიტუაციები საბოლოოდ უკონტროლო პროცესებით არ დასრულდა, იმითაც იყო გაპირობებული, რომ ორივე მხარე საბოლოოდ ანგარიშს უწევდა დასავლეთის შეფასებებს. ქართული ოცნების სისტემური მედიაკამპანია ამერიკული ორგანიზაციების სახელის გასატეხად, საბოლოო ჯამში, უმიზნებს დასავლეთის მორალურ ავტორიტეტს, რომელიც აქამდე საქართველოში თავშეკავების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

კომენტარები