ღმერთი ღმერთის წილ ანუ საბჭოთა და სხვ. ბომონების საგა

ადგნენ და მოვიდნენ. როგორც ერთ ამერიკულ რომანშია. აქაოდა, პროგრესის ძალაო, განათლებაო, ოპიუმიო, დარვინიო, „ღმერთი მოკვდაო”. სიცოცხლისას რაც იყო, იმაზე მარქსს კითხეთო. მაგრამ უღმერთოდ მაინც ვერ გაძლეს. ისე არ გამოდიოდა.

ჰოდა, ახლის შენება დაიწყეს. მრავალღმერთიანობას მიაწვნენ. ერთი დიდი ღმერთი, ლენინი, სადღაც შორს იდგა და დანარჩენ ღმერთებს – სტალინი, ხრუშოვი და ა.შ. – შობდა. ზოგიერთი შეიძლება ძმას წაექცია და მისი ადგილიც მიეთვისებინა. თუმცა მთავარი ბომონი – სრულქმნილი ულიანოვი ეჭვის მიღმა სუფევდა. არის ერთი ძალიან კარგი ანიმაციური ფილმი, რაულ სერვაისის „პეგასუსი”. ადვილად შეგიძლიათ ინტერნეტში დაძებნოთ – იქ, ათიოდ წუთში დიდებულადაა მოთხრობილი, თუ როგორ ანაცვლებს სოფლის მჭედელი ერთ უფალს მეორეთი. ამ წერილის თანასამზერელად გირჩევთ. ისე, ირიბად. ცალი თვალით.

ანტირელიგიური კამპანია გაჩაღდა.

ხოლო ჩემს მაგიდაზე ახლა ოცამდე ამგვარი წიგნი დევს. გაზეთი უფრო მეტი იყო. ეს წიგნები პერიოდული გამოცემების ერთგვარ ჯამად შეგვიძლია ვიგულისხმოთ. მანდ იყრიდა თავს მთავარი ინსტრუქციები და, ჩვენებური ახალმეტყველებით რომ ვთქვათ, „ქეისები”. იწყებოდა ყველაფერი ყმაწვილთა აღზრდით. 1932 წელს გამოდის ვინმე პ. მიქაძისა და ან. გველესიანის წიგნი – „პიონერები ანტირელიგიურ ფრონტზე”. ახალი, ლენრელიგია ძალიან აგრესიული იყო. მას მთლიანად უნდა ამოეძირკვა წინამორბედი. ამიტომაც – „ნორჩ უღმერთოთა მოთავსებული იქნება კითხვა-პასუხის ყუთი”, სადაც ასეთ ამბებს ათავსებდნენ: „ერთხელ პიონერები შეგროვდნენ ჩემს ეზოში და გადაწყვიტეს რამენაირად მაინც დაეშალათ მორწმუნენი. პიონერები რამდენიმეჯერ მოვიდნენ ეკლესიაში და იმდენი მოახერხეს, რომ შეუმჩნევლად ეკლესიის გამათბობი მილი გასტეხეს. ამის გამო შესწყდა მორწმუნეთა სიარული ეკლესიაში, რადგან საშინლად ციოდა; ამრიგად, ეკლესიას რელიგიური ცრუმორწმუნეობის საშუალება გამოეცალა”.

სხვებს, უკვე ზრდასრულებს და განსხვავებულ ფერხულში თავშერგულებს „უფრო დიდ” კუთხეებს უწყობდნენ. მაგალითად: „კუთხეს უნდა ქონდეს თარო და ვიტრინა პოპულიარული ანტირელიგიური ლიტერატურით. კუთხის ლოზუნგები ისე, როგორც სხვა მასალები დაკავშირებული უნდა იქნენ კოლმეურნეობის წარმოებასთან, მაგ: „ძირს ხუცის სასხურებელი, გამოვიყენოთ ქიმიური სასუქი”. თუ ბოლშე-ეზოთერიზმი არ გაჭრიდა, სხვა, პრაგმატული მაგალითებით ცდილობდნენ მშრომელთა მორჯულებას – სანამ კიდევ უფრო „პრაგმატული” 37 არ დადგა. ასე განსაჯეთ, 1932 წელს გამოცემულ წიგნში, „აღდგომა. მისი წარმომავლობა და მნიშვნელობა”, მთელი ანგარიში მიდის იმ ზარალის, რაც სადღესასწაულო ამბების გამო მიადგა დიად სამშობლოს: „ბეჟიცაში, დასავლეთის ოლქი, ქარხანამ „წითელმა პროფინტერმა” დაკარგა 1500 კაცზე მეტი თვითნებობითი გაცდენის გამო: ფულზე რომ გადავიტანოთ – 22.754 მანეთი, მაშასადამე, ქარხანამ სოფლის მეურნეობას ვერ მისცა 2.143 სახნისი”. რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. ფოლადის ლოგიკა – უფრო საბჭოურად რომ ვთქვათ. კაპიტალიზმს ხომ ბრალდებოდა და ბრალდებოდა ყველაფერი. ლამის იყო, იესო ქრისტე და მუჰამედი პირველ ბურჟუებად გამოიყვანეს და მათი მოწაფეები გაწაფულ კლერკებად. დ. ციხელაშვილი მიმართულების ოსტატად მიიჩნეოდა. სწორედ მას ავალებდნენ ან ივალებდა ამ საქმეს და საოცარი მხატვრულობით ასრულებდა – ჯვაროსნული ლაშქრობებიდან იწყებდა და მოულოდნელად კულაკთა შეთქმულებებით ასრულებდა. მოკლედ, ახლა სახალისოდ საკითხავია, მაშინ კი სისხლს ითხოვდა ეს ფურცლები.

რაღაც ნაწილი აღარ მომიტანია. აი, ის – სადაც მუქარა იმატებს და სიტყვები ადრესატებს სასაკლაოსკენ მიერეკებიან. რა საჭირო იყო. რბილად მინდოდა მეთქვა ძალიან მარტივი რამ – ყოველგვარი ძალადობა ცუდია.

ხოლო მებრძოლ უღმერთოთა კავშირს უფრო მოკლედ ერქვა „მუკ”-ი. ლოზუნგი კი, რომელიც თითქმის ყველა გამოცემას თან სდევდა, ამგვარი გახლდათ: „არც ერთი საწარმოო, დაწესებულება, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, საბინაო ამხანაგობა, ყაზარმა, კოლმეურნეობა, საბჭოთა მეურნეობა და კომუნა მუკის გარეშე”.

კომენტარები