მილიარდის ეპოქა

გასულ კვირას, გაერომ დედამიწაზე მეშვიდემილიარდე ადამიანის დაბადების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. „გიხაროდენ, ჩვენ შვიდი მილიარდი ვართ!” – წერდა მსოფლიო პრესა, თუმცა რიგითი მოკვდავების ცხოვრება ამ ფაქტს არაფრით შეუცვლია – აღქმის თვალსაზრისით, ექვსსა და შვიდ მილიარდს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა. ადამიანის ტვინს არ ძალუძს ასეთი დიდი რიცხვების ვიზუალიზაცია. ნაირ-ნაირი მაგალითების მოფიქრებაა საჭირო, რათა როგორღაც აღვიქვათ ჩვენს ტვინში პლანეტის მოსახლეობის ერთმილიარდიანი ნამატი.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენია შვიდი მილიარდი? ის ფაქტი, რომ სკოლაში გვასწავლეს დიდი რიცხვების ჩაწერის წესი, არ ნიშნავს იმას, რომ 7000000000-ის წარმოდგენა ადვილია. აი, მაგალითად, დაფიქრებულხართ იმაზე, რომ შვიდი მილიარდი წამის წინ, 1789 წელს საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატი სულ რაღაც 6 წლის დადებული იყო, ოკეანის გადაღმა კი ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ის პირველ პრეზიდენტად „აკურთხეს”? შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ შვიდი მილიარდი წუთის წინ (დაახლ. 13300 წლის წინ), დედამიწაზე ზემო პალეოლითის ხანა იდგა და ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ პლანეტის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონები? და ბოლოს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ შვიდი მილიარდი წლის წინ პლანეტა დედამიწა საერთოდ არ არსებობდა?!

ანტუან ფურეტიერის მიერ შედგენილ, 1701 წელს გამოცემულ ფრანგულ უნივერსალურ ლექსიკონში სიტყვა „მილიარდი” ჯერ კიდევ  არ არის, „ბევრის” სინონიმად კი cent mille millions, ანუ „ასი ათასი მილიონი” სახელდება. „მილიარდი” მე-18 საუკუნის საფრანგეთში იშვა და ამ ქვეყნის საზღვრებს 1870 წელს გასცდა, როდესაც პრუსიელებმა დამარცხებულ ფრანგებს რეპარაციის სახით ხუთი მილიარდი ფრანკის გადახდა დააკისრეს. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც „მილიარდი” თვლად მატერიას აღნიშნავდა და არა უბრალოდ სიტყვა „ბევრს”.

თანამედროვე ქართულ მედიაში სიტყვა „მილიარდი” ყველაზე აქტიურად სამ შემთხვევაში გამოიყენება: დედამიწის მოსახლეობაზე საუბრისას, საქართველოს საგარეო ვალის დასათვლელად და ბიძინა ივანიშვილის ქონების შესაფასებლად. სამივე შემთხვევაში მილიარდი ყურისმომჭრელი სიტყვაა და ის ნაკლებად აღნიშნავს რიცხვს. „მილიარდი” ჩვენში „ბევრის” სინონიმი უფროა, რომელსაც შთაბეჭდილების მოსახდენად ხმარობენ და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, საშუალო სტატისტიკური ქართველი ვერ იტყვის მილიარდში ექვსი ნულია, ცხრა თუ თორმეტი!

საინტერესოა ჩვენი წინაპრების დამოკიდებულება დიდ რიცხვებთან. „ვეფხისტყაოსანში” არაერთხელ ფიგურირებს სიტყვა ბევრი და მისგან ნაწარმოები კომპოზიტები: „ბევრის-ბევრი” და „ბევრ-ათასი”. მაგალითად, ავთანდილი ფრიდონს რომ ეწვევა, ნათქვამია: „შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა”. ამ უკანასკნელში „ბევრ-ათასი” ათ მილიონს აღნიშნავს, ბევრის-ბევრი კი ასი მილიონი გამოდის. შეიძლება იმის თქმაც, რომ „ბევრი” ძველ ქართულში იყო ზღვარი თვლად და უთვლად სიდიდეებს შორის. ის ათი ათასს აღნიშნავდა და იმის ზემოთ ყველაფერი ბევრი გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენებოდა.

„ქართლის ცხოვრებაში” ჟამთააღმწერელი წერს, რომ ჯალალედინმა თბილისში ათი ბევრი კაცი შეიწირაო. ათი ბევრი (ასი ათასი) მოწამის ხსენების დღეს კი მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე აღნიშნავს – მიუხედავად იმისა, რომ ასი ათასი ადამიანის სიკვდილით დასჯა ერთი დღის, თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელია, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, როგორც ეს მატიანეშია აღწერილი. სავარაუდოდ, როდესაც ჟამთააღმწერელი წერდა „ათნი ბევრნი მოწამენიო”, ამით რაოდენობას კი არა, ფაქტის სისასტიკეს უსვამდა ხაზს. მის სიტყვებში ის მხოლოდ უსასრულოდ დიდი რიცხვის მეტაფორაა.

ანტუან ფურეტიერის ლექსიკონში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია: მილიონი ეს არის სიტყვა, რომლითაც მეფეთა ქონება აღიწერებაო. შეიძლება ითქვას, რომ XV-XVIII საუკუნეებში ადამიანის შემეცნების ფარგლები „მილიონებში” იზომებოდა, ჩვენ კი „მილიარდის” ეპოქაში ვცხოვრობთ. სწორედ „მილიარდია” დღესდღეობით კაცობრიობის შემეცნების საზომი: მისი საშუალებით ვზომავთ სამყაროს ასაკს, სამყაროს განფენილობას, ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება ჩვენს წარმოდგენაში მილიარდებშია შეფასებული და უკანასკნელად როდის დაგვჭირდა სიტყვა ტრილიონი, კვადრილიონი თუ კვინტილიონი, არ გვახსოვს.

მსოფლიოს მოსახლეობის საინფორმაციო ბიუროს ცნობით, დედამიწის ბინადრებმა ერთ მილიარდს 1800 წლისთვის მიაღწიეს, საუკუნეზე მეტი დასჭირდა, რომ მოსახლეობა გაორმაგებულიყო, მხოლოდ 1930 წელს ავიდა ორ მილიარდამდე. შემდეგ ყველაფერი აჩქარდა: ოცდაათ წელიწადში სამი მილიარდი გახდა, თოთხმეტ წელიწადში – ოთხი მილიარდი, ცამეტ წელიწადში – ხუთი მილიარდი და თორმეტ-თორმეტ წელიწადში ექვსი და შვიდი მილიარდი.

ყოველი მილიარდიანი ნამატი კაცობრიობას დამატებით პრობლემებს უქმნის. ცივილიზაციის კომპლექსურობის ზრდასთან ერთად პროპორციულად იზრდება ადამიანების მიერ წარმოებული და მოხმარებული პროდუქტების, ინფორმაციის და ა.შ. რაოდენობა. ჩვენც უფრო დიდი რიცხვების შემოტანა გვიწევს ყოფა-ცხოვრებაში და ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, კი არ გაგვიხარდეს, არამედ დიდი მწუხარებით აღვნიშნოთ მორიგი მილიარდი ჰომო საპიენსი ჩვენ ირგვლივ. მანამდე კი, სანამ ეს დღე დამდგარა, ყველაფერი კარგადაა, ჩვენ შვიდი მილიარდი ვართ, გიხაროდენ! 

კომენტარები