ჭორვილონომიკა

გადავწყვიტე სახელმძღვანელო დავწერო. თან იმედი მაქვს, რომ მას ივანიშვილის ფონდი გამოსცემს და ამით რამენაირად საქართველოს გადარჩენას წავადგები. გთხოვთ, ეს ტექსტი მომავალი მონუმენტური ნაშრომის დაწერაზე თეზისურ განცხადებად განიხილოთ.

სანამ საკუთრივ თეზისებზე (წიგნის თავებზე) გადავიდოდე, ერთი პრობლემა უნდა გადავწყვიტო: წარმოდგენა არ მაქვს, რა ეკონომიკური იდეები აწუხებს ჩემი მომავალი გამომცემლის პატრონს. როგორ ჟანრშიც არ უნდა მიმართოს საკუთარ (ოდესმე უზომოდ მადლიერ!) ამომრჩეველს – ეპისტოლარული იქნება ის (ორჯერ), დიალოგი (ორჯერ), თუ  მხოლოდ ერთხელ მულტილოგი (ეს, როცა ყველა ერთად ლაპარაკობს არაფერზე), – ცოცხალი თავით არაფერს ამბობს კონკრეტულს. „ჩემს წარსულს თავი დაანებეთ“, „სააკაშვილის მთავრობას შევცვლით“ და „ჩვენ მოვახერხებთ“ მე, გასაგები მიზეზებით, არ გამომადგება.

თუმცა, მდგომარეობა მთლად კრიტიკული არ არის. რაღაცა მაინც შეიძლება ვივარაუდო და ამისთვის არც მისი სურათი და არც ყავა დამჭირდება.

რა ვიცი ჩემს (იმედია) მომავალ გამომცემელზე მისი წინა წლების მოქმედებებიდან გამომდინარე? უყვარს ხალხისთვის პირდაპირ დახმარება. მაგალითად, აკადემიკოსებს და დამსახურებულ არტისტებს ხელფასებს უხდის; უნდა, რომ ადამიანებს რაც შეიძლება ბევრი რამ ჰქონდეს უფასო (სათხილამურო საბაგირო, პარკი, სანატორიუმი, ნაყინი, კარუსელი, სახურავი, გაზი და ა.შ.); მიაჩნია, რომ ყველაფერი, რაც უფასოა, ხალხს ვიღაცამ უნდა მისცეს. სანამ ჭორვილაში იყო, თვითონ აძლევდა. როცა ჭორვილას მასშტაბებს გასცდება და თვითონ გახდება სახელმწიფო, მიმცემი სახელმწიფო იქნება.

ანუ, სხვა სიტყვებით, ჩემი (იმედია) მომავალი გამომცემელი საბჭოთა სტილის პატერნალისტია – ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ხალხზე ვიღაცამ უნდა იზრუნოს ბოლომდე: აჭამოს, გაათბოს და გაართოს კიდეც. ზოგიერთ ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ ჯერ, მადლობა ღმერთს, ურთიერთობა არ გაგვიფუჭებია, ასეთ ხალხს სოციალისტებს უწოდებენ. იქ, რომლის ბაზარი დავკარგეთ და რომელსაც პოტენციური დემოკრატი მართავს – ძალაუფლების ვერტიკალისა და სტაბილურობის მომხრეებს.

ზემოაღწერილი პრინციპების გარდა, მეორე რაც ვიცი, არის ის, რომ „სააკაშვილის მთავრობა“ არაფერშია მართალი და არაფერს აკეთებს სწორად. ეს უკვე თვითონ თქვა ბევრჯერ.

ჰოდა, წიგნის დაგეგმვის ყველაზე სწორი სტრატეგია, ჩემი აზრით, არის აიღო „სააკაშვილის მთავრობის“ პრემიერ-მინისტრის 10-პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა, შეამცირო (რაღაცები იქ ზედმეტია ნამდვილად) და აღწერო, თუ როგორ უნდა გააკეთო იგივე, ოღონდ პირიქით.

თეზისებს რომ გავცდები და საკუთრივ წიგნის წერას დავიწყებ, შიგადაშიგ გრაფიკებსა და თეორიულ მასალასაც ჩავურთავ – პრაქტიკული ეკონომიკის მშვენიერი სახელმძღვანელოც გამოვა.

ახლა ერთმანეთს თვალებში შეხედეთ, ქვემოთ წაიკითხეთ წიგნის გეგმა და მომწერეთ, ხომ ყველაფერი კარგად იქნება? ხომ დაბეჭდავენ? ჩვენც ხომ მოვახერხებთ?

ჭორვილონომიკა

საქართველოს უპირობო გადარჩენის ეკონომიკური საფუძვლები

თავი პირველი: მაკროეკონომიკა

სახელმწიფომ იმდენი კი არ უნდა ხარჯოს, რამდენიც აქვს, არამედ იმდენი, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ ხალხს არ უჭირდეს. ამის ორი გზა არსებობს: გადასახადების გაზრდა და ფულის ბეჭდვა, იგივე ინფლაცია.

სახელმწიფოში უნდა არსებობდეს სოციალური, ფუფუნების, გზების, გათბობის, გართობისა და სხვა სახის სახელმწიფო გადასახადების მრავალფეროვნება, რის ხარჯზეც ელექტროენერგია, გაზი და წყალი მოსახლეობას ექნება საერთოდ უფასოდ.

თუ ხარჯებმა, როგორც საბერძნეთში, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, სახელმწიფოს ყველაზე სწორი სტრატეგია დეფოლტის გამოცხადება და ხარჯვის თავიდან დაწყებაა.

დეფოლტის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს არ დაეხმარება, მაგრამ დაეხმარება რუსეთი, სადაც 1998 წელს დეფოლტი უკვე იყო და მაინც მზარდი ტემპებით ვითარდება, რამეთუ ნავთობი აქვს. საქართველოს აქვს ბორჯომი, რომელსაც რუსეთშივე გაიტანს.

თავი მეორე: საგარეო ვაჭრობა

საქართველო რუსეთს ვერსად გაექცევა, ამიტომ მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი უნდა იყოს. რუსეთის ბაზარი იმდენად დიდია, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს იქ შეღწევას.

საქართველომ უნდა შეამციროს გარე ვაჭრობის ხარჯები მსოფლიოსთვის პროდუქციის მიწოდების შეწყვეტისა და მისი ეკონომიკის რუსეთზე ორიენტაციის გზით, მსოფლიოს გვერდის ავლით.

ამისთვის საჭირო პოლიტიკური დათმობები ამ წიგნის მკითხველს არ დააინტერესებს და თავი დავანებოთ.

თავი მესამე: საინვესტიციო გარემო

კრიტიკული მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში ელიტარული კორუფციის სადმე აღმოჩენასა და შემდეგ მის იქვე აღმოფხვრას. გაუგებარი სახის კორუფციის არსებობა დამღუპველია ნებისმიერი ეკონომიკისთვის.

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ყოველთვის ზემოდან უნდა დაიწყოს. კარგი მაგალითია რუსეთი, სადაც გასაგები და ხელშესახები კორუფცია ქმნის იდეალურ საინვესტიციო გარემოს.

რუსეთში მსხვილ ინვესტორებს პირდაპირ ეხმარება სახელმწიფოში არსებული ძალოვანი სტრუქტურები. მისაღებია, და ზოგადად ეფექტურიც, ძალოვანი სტრუქტურების ბიზნესის მიერ დაფინანსების პრაქტიკის შემოღებაც.

თავი მეოთხე: რეგიონული ვაჭრობა

რუსეთის ბაზარი იმდენად დიდია, რომ რეგიონული ვაჭრობის განვითარებაზე მთავრობამ რესურსები არ უნდა დახარჯოს, თუ მას ჰყავს მძლავრი რეგიონული პარტნიორი. სხვა, არა-მძლავრ, პარტნიორებთან ვაჭრობა თავისთავად განვითარდება მძლავრი რეგიონული პარტნიორის მსხვილი ინვესტიციების ხარჯზე.

მიზანშეწონილია მხოლოდ მძლავრი რეგიონული პარტნიორის მიმართულებით ავიაბილეთების სუბსიდირება, კავშირების გაღრმავების მიზნით.

თავი მეხუთე: ინფრასტრუქტურა

სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ნებისმიერი მსხვილი და წვრილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მესაკუთრეობა და მართვა.

უნდა მოხდეს სტრატეგიული ობიექტების რე-ნაციონალიზაცია და შემდგომი რე-პრივატიზაცია მძლავრი რეგიონული პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით, რაც მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

უმუშევრობის დასაძლევად, მთავრობამ უნდა გაზარდოს სახელმწიფო ხარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მაგრამ არა სოციალური დაუცველობის გაზრდის გზით (იხ. თავები პირველი და მერვე). გაჭირვებული ხალხი ინფრასტრუქტურას ვერ შეჭამს, რაც, საბოლოოდ, ეკონომიკას დაღუპავს.

კვების, გათბობისა და გართობის ადგილები უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო რესურსების ეფექტურ გამოყენებას და მათ ხელმისაწვდომობას ნებისმიერი, თუნდაც, გაჭირვებული ხალხისთვის.

თავი მეექვსე: სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა უნდა იყოს სუბსიდირებული და საბაჟო ბარიერები შეიქმნას იმპორტისთვის. მისაღებია ძირითად სავაჭრო პარტნიორთან ყოველგვარი ბარიერების მოხსნა.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფასო ელიტარული სათესლე მასალა, ტექნიკა, კრედიტი და აგრონომები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს სახელმწიფო ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ს და იგი ხელს უნდა უწყობდეს ძირითადი სავაჭრო პარტნიორის ბაზარზე შეღწევას (იხ. თავი მეორე).

თავი მეშვიდე: განათლება

ნებისმიერი განათლება და გაუნათლებლობა უნდა იყოს უფასო და მსოფლიოში საუკეთესო, როგორც საბჭოთა კავშირში.

მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს საუკეთესო ხარისხის სახელმწიფო მოხელეებისა და აგრონომების ბაზრისთვის მიწოდებაზე, რადგან სახელმწიფო მართვა და სოფლის მეურნეობა გადარჩენილი ეკონომიკისთვის პრიორიტეტული დარგებია.

ნებისმიერი სხვა პროფესიების მომზადება, რესურსების მართვის ეფექტურობის ამაღლებისთვის, უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს რეგულირებას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორის ან მძლავრი რეგიონული პარტნიორის სასწავლებლებში სამუშაო ენის შესწავლას.

თავი მერვე: სოციალური დაცვა და ჯანდაცვა

სოციალური დაცვა და ჯანდაცვა უნდა ფინანსდებოდეს გარე-საბიუჯეტო ფონდიდან, რომლის მთავარი შემოსავალი წარმოიქმნება სოციალური და ფუფუნების გადასახადის მოკრებით. ამ გადასახადების შეგროვების არაეფექტურობის შემთხვევაში, უნდა დაფინანსდეს ეროვნული ბანკის კრედიტით (იხ. თავი პირველი ფულის ბეჭდვაზე).

სოციალური დაცვის მექანიზმი უნდა იყოს დაფუძნებული საყოველთაოებისა და დამსახურების პრინციპზე. ანუ, ყველას – ცოტ-ცოტა, ზოგიერთებს – ბევრი.

ჯანდაცვის სფეროში მთავარია ფსიქიატრია. დანარჩენი მიმართულებები ეკონომიკის განვითარებაზე მაინც არ მოქმედებს.

 

 

კომენტარები