შაშკინი და ინგლისურის დაცვა

 „რა იქნება, თავი რომ დამანებოთ?”
აკა მორჩილაძე, „გადაფრენა მადათოვზე და უკან”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შარშან განაცხადა, რომ აპირებდა შესულიყო სასკოლო სახელმძღვანელოთა ბაზარზე. სამინისტროს ეს გამოუვიდა. ჩვენ ამ მიღწევის ერთ წახნაგს მივაპყრობთ მზერას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით ინგლისურ ენაში სკოლები – ჯერ მხოლოდ დაწყებით საფეხურზე – ერთადერთი სახელმძღვანელოს ამარა დარჩნენ. 2011 წლის სექტემბრამდე სკოლებსა და ბავშვებს არჩევანი ჰქონდათ. 2011 წლიდან განათლების სამინისტრომ მათ ეს არჩევანი მოუსპო.

ამა წლის თებერვალში მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია და იქ ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მაკმილანის გამომცემლობასთან. სამინისტროს ვებგვერდი გვაუწყებდა, რომ მემორანდუმის თანახმად, 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, ესწავლათ ინგლისური ენა მაკმილანის სახელმძღვანელოებით.

შესაძლებლობა – ასე იტყობინებოდა სამინისტრო თებერვალში. სექტემბრისთვის კი ეს შესაძლებლობა ვალდებულებად აქციეს. სამინისტრო სამი თვის წინ, თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ინგლისური ენის სწავლებას მიეძღვნა, ჯერ კიდევ შესაძლებლობაზე ლაპარაკობდა. თუმცა, ამავე კონფერენციაზე საზოგადოებას შეახსენეს, რომ მაკმილანის გამომცემლობა, მემორანდუმის თანახმად, უფასოდ გადაამზადებს ყველა ქართველ ინგლისური ენის პედაგოგს და უფასოდ გადასცემს სახელმძღვანელოებს, დამხმარე აუდიო, ვიდეო და ვიზუალურ მასალებს. პროექტის ფარგლებში სულ 4200 მასწავლებელი გადამზადდება. თითოეული მათგანი სამდღიან ტრენინგს გაივლის. ტრენინგებში მონაწილეობას საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მიიღებს.

პრინციპში, ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ნათელი იყო, რომ განათლების სამინისტრო არჩევანს არ უტოვებდა საჯარო სკოლებს და ავალდებულებდა, მხოლოდ მაკმილანის გამოცემული წიგნებით ესწავლებინათ ინგლისური. განათლების სისტემის მართვის მზარდი ცენტრალიზების ფონზე სამინისტროს ეს ნაბიჯი თითქოს ბუნებრივადაც გამოჩნდა. საჯარო სკოლებში ხმა არავის ამოუღია. მაგრამ ისიც ხომ გვახსოვდა, რომ ასევე არავის გაუუქმებია სკოლების უფლება აირჩიონ სახელმძღვანელო არა ისე, როგორც ეს საბჭოთა არჩევნების დროს ხდებოდა – გინდა, არ გინდა, უალტერნატივო კანდიდატი?

მეორე პრობლემა ისაა, რომ გულუბრყვილოდ გვეგონა, თითქოს ასეთი არჩევანის უფლება დარჩათ კერძო სკოლებს. მანამდე კერძო სკოლები თავიანთი ხარჯით იწვევდნენ პროფესიონალებს დიდი ბრიტანეთიდან, რათა მათ უკეთ მოემზადებინათ ინგლისური ენის მასწავლებლები იმ სახელმძღვანელოების სწავლებაში გამოსაყენებლად, რომელიც სკოლას ჰქონდა შერჩეული. და ეს ყოველთვის არ იყო მაკმილანის სახელმძღვანელოები; არამედ, ვთქვათ, Cambridge University Press-ის გამოცემები, რომლებითაც ინგლისურს ასწავლიან დასავლეთი ევროპის დიდად განვითარებული ქვეყნების სკოლებში. ვწერ „თავიანთი ხარჯით” და ბუნებრივია, ვგულისხმობ მოსწავლეთა მშობლების გადახდილ ფულს. ახლა ეს ფული გადახდილი კი არა, გადაყრილია, რადგან 2011 წლის სექტემბერში კერძო სკოლებსაც „ზემოდან მიუთითეს”, რომ ამიერიდან მაკმილანის სახელმძღვანელოებით უნდა ესარგებლათ.

ერთი „სახალისო” გარემოება: სამინისტრომ ა.წ. 9 სექტემბერს გვაუწყა, რომ მიიღო „I-VI კლასის ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შეცვლის გადაწყვეტილება. შედეგად, წელს საქართველოს ყველა საჯარო (ხაზგასმა ჩვენია – დ.პ.) სკოლის I-VI კლასის, ხოლო 2012-2013 წლიდან უკვე VII-XII კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას მაკმილანის სახელმძღვანელოებით შეისწავლიან”. არადა, ამ გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე იმავე სამინისტრომ გამოაცხადა 2012 წლის კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოთა გრიფირებაზე. საკონკურსო წიგნების ჩამონათვალში შედის „ინგლისური ენა – საბაზო და საშუალო საფეხურებისათვის”. რა გამოდის? სამინისტრო მარჯვენა ხელს აწერს ბრძანებას კონკურსის შესახებ, ხოლო მარცხენა ხელით მიანიშნებს, რომ ამ კონკურსს არავითარი აზრი არ აქვს – გამარჯვებული უკვე ცნობილია. უცნობია, რომელი ხელით არ ანებებს კერძო სკოლებს, ინგლისურის გრიფირებული სახელმძღვანელო თავად აირჩიონ. ვვარაუდობ, აქედან ნახევარი ნაბიჯია კონკურენტუნარიანი სახელმძღვანელოების დაბლოკვა-ჩაგდებამდე კონკურსის დროს.

მინისტრი შაშკინი ხშირად ამბობს, რომ სიტყვა შეასრულა და სახელმძღვანელოები არ ღირს 10 ლარზე მეტი. ჯერ ერთი, ზოგჯერ ღირს – ერთ საგანში სახელმძღვანელოთა კომპლექტი შეიძლება 10 ლარზე მეტი გამოვიდეს. რომც არ ღირდეს, ეგებ მე – კერძო სკოლის მოწაფის მშობელს მიღირს 26 ლარის გადახდა იმ სახელმძღვანელოში, რომლითაც აქამდე ასწავლიდნენ ჩემს შვილს და რომლის უარესობაც, მაგალითად, მაკმილანის წიგნებთან შედარებით, არავის – მათ შორის არც სახელმწიფოს, განათლების სამინისტროსა და თვით განათლების მინისტრსაც არ დაუსაბუთებია? რამდენს ვუხდი კერძო სკოლას – ეს ხომ არ არის განათლების სამინისტროს საქმე? ვინმე შემოგჩივით, რატომ ვუხდი ასე ძვირსო? როცა მშობელი კერძო სკოლას ირჩევს, მას მრავალი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი, შესაძლოა, იყოს სურვილი, ნაკლებად იურთიერთოს სახელმწიფოსთან.

სახელმწიფოს წვლილი – ვაუჩერს ვგულისხმობ – გადასახადში მცირეა. მე მეტს ვიხდი და არ მსურს, სამინისტრო მახვევდეს თავის წარმოდგენას, რომ ამ შემთხვევაში ინგლისურის სწავლებისას რესურსების სტანდარტიზება გააუმჯობესებს ცოდნის ხარისხს. კერძო სკოლისთვის გადახდილი ფული – ეს არის ინვესტიცია შვილების მომავალშიც და წვლილი მასწავლებელთა დახელოვნებაშიც. აბა, სახელმწიფო ღიად ამბობს, რომ მის ბრიტანელ პარტნიორს მხოლოდ საჯარო სკოლების მასწავლებლებს გადაამზადებინებს. ხოლო კერძო სკოლების მასწავლებელებმა დაე, უარი თქვან მანამდელ არჩევანზე, აიღონ, რასაც სამინისტრო დაუდებს და თავად მიაგნონ უცხო წიგნით უკეთესი სწავლების მეთოდებს. მათ მოწაფეებსაც კისერი უტეხიათ – რამენაირად გადაეწყობიან ერთი წიგნიდან მეორეზე.

ეგრე არ არის. ეს არც სამართლიანი მიდგომაა და არც – გონივრული.




კომენტარები