ერთი მწვადი და ერთი სალათი მომიტანეთ!

ხბოს მწვადით მოწამლულიყოს ვინმე, გაგიგიათ?.. არც – მე. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარში ვისაც რა უნდოდა, იმას ჰყიდდა (რაზეც ჩვენი წამყვანი არხის მრავალმა ტელეჟურნალისტმა უამრავი აღშფოთებული რეპორტაჟი გააკეთა).

სამაგიეროდ, სრული კონტროლი იყო საბჭოთა კავშირის დროს. ვისაც იმ უჟმურ პერიოდში ცხოვრება მოუწია, სანეპიდემსადგური ხომ გახსოვთ? ჰოდა, მაშინ სწორედ რომ ხორცითაც იწამლებოდნენ, თან ხშირად.

რაციონალურები თუ ვიქნებით, და არა ევრორომანტიკულები, ვისაც ყველაფერი ევროპული, მათ შორის რეგულაცია, მადლი ჰგონია – ადვილად
დავინახავთ, რომ ნებისმიერი რეგულაცია, რაც რეალურად თავისუფალი ბაზრის ბუნებრივ მოქმედებაში ჩარევას ნიშნავს, თავისუფალი ბაზრის რაიმე ნაკლოვანების გამოსასწორებლად უნდა არსებობდეს. ნებისმიერი რეგულაცია უნდა წყვეტდეს რაიმე პრობლემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკაში ბუნებრივად მიმდინარე პროცესებში ჩარევა რა საჭიროა?

ჰოდა, მე ვერ გავიგე, სასაკლაოების ხელოვნური მონოპოლიზაცია რა პრობლემას წყვეტს? ერთადერთი, რაც თავში მომდის, არის ამ სასაკლაოების მფლობელების უფულობის პრობლემა. სხვაგვარად ეს ახალი სქემა, როცა თბილისში გაყიდულმა მთელმა ხორცმა მხოლოდ ამ ყბადაღებულ სასაკლაოებში უნდა გაიაროს, პრობლემებს მხოლოდ და მხოლოდ ქმნის.

ის ცუდია ყველასთვის, ვისაც ხორცთან შეხება აქვს: ფერმერი, შემსყიდველი, გამყიდველი და მყიდველი. პირველს გაუძვირდა წარმოებული პროდუქტის (ძროხის) გასაყიდ პროდუქტში (ხორცში) გადამუშავება. მეორეს გაუძვირდა ამ პროდუქტის ბითუმად შესყიდვა. მესამეს გაუძვირდა გასაყიდი პროდუქტი და კლიენტების რაოდენობა მკვეთრად შეუმცირდა. მეოთხეს (თქვენ!) სახლში ხორცი მოაკლდა ან საერთოდ გაქრა. ხორცის მავნებლობა/უვნებლობის პრობლემას ეს ახალი სქემა ვერ გადაწყვეტს, რამეთუ პრობლემა საერთოდ არ არსებობს.

საქართველოში კიტრით მოწამლულებზე თუ გაგიგიათ ამ ბოლო დროს?.. მეც – არა. საბჭოთა კავშირში?.. მე – კი. თვითონ მოვიწამლე მოსკოვში ოლიმპიურ სასადილოში 1980 წელს. არადა საბჭოთა კავშირში კიტრის მომარაგებასა და ხარისხს (ქაღალდზე) ისე აკონტროლებდნენ, რომ დღევანდელ საქართველოში არცკი დაგვესიზმრებოდა. თან ეს სასადილო, „ცეკას ბუფეტივით”, „იმათთვის” იყო, უმაღლესი კატეგორიის. კინაღამ გადავყევი იმ კიტრის სალათს...

საბჭოთა დროს რა კონტროლი იყო, მოგეხსენებათ – მხოლოდ მოჩვენებითი, კორუფციული. მაგრამ, გერმანიაში ხომ ასე არ არის. აღმოჩნდა, რომ საკვებით იქაც იწამლებიან. უკვე ათეულობით ადამიანი დაიღუპა!

ევროპაში დღეს გავრცელებულ დაავადებას, რომელსაც ბაქტერია ეშერიხია კოლი (E.coli) იწვევს, 15 წლის წინ ჰამბურგერების დაავადებას უწოდებდნენ, რადგან პირველად არასაკმარისად მომზადებულ ხორცში აღმოაჩინეს. ამ ბაქტერიით გამოწვეული ინფექციური დაავადების ხშირი და მძიმე გართულებაა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, რომელიც თირკმელების მწვავე უკმარისობას იწვევს და შემთხვევათა 50 პროცენტი ფატალურად სრულდება.

ევროკავშირში E.coli-ის ამჟამინდელი ეპიდემიის წყარო, სპეციალისტებს ჯერ ესპანური კიტრი ეგონათ (მისი მოხმარება უმალვე აკრძალეს), მაგრამ შემდგომში აღმოჩნდა, რომ კიტრი არაფერ შუაშია (აკრძალვა მოიხსნა, მაგრამ ესპანელი ფერმერები უკვე დაზარალდნენ 400 მილიონი ევროთი). დღეისთვის უცნობია, რა არის ამ განსაკუთრებულად ტოქსიკური E.coli-ის მიზეზი. და ეს მიუხედავად ევროკავშირში მიღებული საკვების უვნებლობის ტოტალური კონტროლისა.

ეჭვი მეპარება, რომ ამ ჩვენს სასაკლაოებზე ხორცის უვნებლობის კონტროლი გერმანულზე ეფექტიანი იყოს. წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი დაზარალდება თბილისში, თუ ორიდან ერთ-ერთ სასაკლაოზე მაინც E.coli-ს მსგავსი რამე გაეპარებათ? სანამ რაიმეს მივხვდებით, ათეულობით ადამიანი საავადმყოფოებში აღმოჩნდება, უარესი თუ არა. ცხადია, რომ ხორცით მოწამვლის რისკს ეს ახალი სისტემა არათუ ამცირებს, არამედ ზრდის!

ერთხელ დამიწერია და კიდევ გავიმეორებ: ეკონომიკა (მით უმეტეს, მიკროეკონომიკა) კომპიუტერული თამაში არ არის. ნებისმიერ მოქმედებას რეალურ ეკონომიკაში რეალური შედეგი მოჰყვება, ხშირად – ცუდი. ხანდახან – ძალიან ცუდი. სასაკლაოების ამბავი სწორედ რომ მეორე შემთხვევების ტიპს განეკუთვნება. 

კომენტარები