აღმატებითი რეალობა

გასული საუკუნის 50-იან წლებში, ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა, ჟაკ ლაკანმა რაობები სამ ნაწილად დაყო, შეუსაბამა რა მის შემადგენელ ნაწილებს ზედსართავი სახელები: წარმოსახვითი, სიმბოლური და რეალური.  ადამიანის ტვინში წარმოქმნილ ყოველივეს მან უწოდა წარმოსახვითი, მის გარეთ არსებულს − რეალური. ამ ორი უკანასკნელის დამაკავშირებელ მედიუმს, ენას კი − სიმბოლური. ლაკანის ტრიადაში როლები მარტივადაა გადანაწილებული − ადამიანის ტვინი ქმნის წარმოსახვით რაობას, რომელიც სიმბოლური მედიუმის, ენის საშუალებით ითარგმნება რეალურ გარესამყაროში, ან პირიქით, რეალური გარესამყარო აისახება ადამიანის „იმაგინარიუმში” ენის გზით.

 
სლოვენიელმა ფსიქოანალიტიკოსმა, სლავოი ჟიჟეკმა 50 წლის შემდეგ ლაკანის ტრიადის თითოეულ წევრს ეპოქის ყველაზე პოპულარული
ზედსართავი „ვირტუალური” დაუმატა და ახალი ტრიადა მიიღო. ჟიჟეკი შეეცადა ლაკანის კლასიფიკაცია ციფრული სამყაროსთვის მიესადაგებინა, რისთვისაც მას სულ ერთი, უმნიშვნელო სიტყვის დამატება დასჭირდა, რათა ნათლად ეჩვენებინა ის მეტამორფოზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში გვაქვს სახეზე. 
 
თუ თანამედროვე ტექნოლოგიების მკვლევრებს დავუჯერებთ, პარადიგმა კვლავ იცვლება, ოღონდ ამჯერად რეალობის ტექნოლოგიური ზრდის ხარჯზე. ჩვენს დროში Augmented (ინგლ. აღმატებითი) არის ის ზედსართავი სახელი, რომელსაც თანამედროვე ტექნომანები კრძალვით და ცახცახით წარმოთქვამენ. Augmented Reality კი ის ქრონოტოპოსია, რომელშიც ჩვენ საცხოვრებლად გვეპატიჟებიან 20-30 წლის შემდეგ. ლაკანისა და ჟიჟეკის კლასიფიკაციას თუ გავაგრძელებთ, შეგვიძლია იმის თქმაც, რომ „აღმატებითი რეალობა” არის ყველაფერი ის, რასაც აღვიქვამთ არა სალაპარაკო ენის, როგორც სიმბოლური მედიუმის, არამედ დამხმარე მოწყობილობების საშუალებით.
 
დღესდღეობით Augmented Reality (შემოკლებით AR) კვლავაც განვითარების ეტაპზე იმყოფება, თუმცა ცვლილებები უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ეს ოცი წლის წინ იყო. მაგალითად წარმოიდგინეთ სიტუაცია: მიაბიჯებთ ტოკიოში და გხვდებათ აბრა გაურკვეველი იეროგლიფებით. იღებთ ჯიბიდან Google Android-ს (თუნდაც iPhone-ს), უღებთ სურათს და იაპონური იეროგლიფების ნაცვლად თქვენთვის გასაგებ ენაზე კითხულობთ აბრაზე გაკეთებულ წარწერას. ან მაგალითად გამვლელი იაპონურად რაღაცას გეკითხებათ, თქვენ არ გესმით რა უნდა მას. კვლავ სმარტფონს იშველიებთ, სთხოვთ მას გაიმეოროს ფრაზა, Google Translate კი გამვლელის იაპონურს თქვენთვის გასაგებ ენაზე თარგმნის. ეს ორი მაგალითი შეიძლება დაუჯერებლად გამოიყურება, მაგრამ უკვე რეალობაა!
 
ტექნოლოგიური პროგნოზის თანახმად, 2030 წელს ნებისმიერ დედამიწელს შეეძლება კონტაქტური ლინზების შეძენა, რომელიც ადამიანებს სრულფასოვან კიბორგებად აქცევს. ნათელ და გაბრწყინებულ მომავალში, ანუ იმ დროს, როდესაც დედამიწის მოსახლეობის ვიზუალური ინფორმაცია და სხვა მონაცემები ერთ ცენტრალიზებულ ბაზაში იქნება მოთავსებული, ეს კონტაქტური ლინზები გამვლელებს სახეზე ამოიცნობს და დაახლოებით იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ქსელურ თამაშებში რომაა: ლინზის ქვედა კუთხეში დაიწერება სახელი და გვარი, ასაკი, დაბადების ადგილი და ა.შ. იმასაც გვპირდებიან, რომ 2030 წელს აღარ იარსებებს უცხო ენების სწავლის საჭიროება, ვინაიდან სპეციალური „ჭკვიანი” ყურსასმენები მოახდენენ უცხო ენის დეტექტირებას და ჩვენს მშობლიურ ენაზე თარგმნას.
 
ვირტუალურ და აღმატებით რეალობებს შორის პრინციპული განსხვავებაა: ვირტუალური რეალობა სინამდვილის ალტერნატივაა, აღმატებითი რეალობა კი ავსებს და უფრო სრულყოფილს ქმნის მას. თუ სლავოი ჟიჟეკის მაგალითს მივყვებით და ლაკანის ტრიადის თითოეულ ნაწილს „აღმატებითს” მივაწერთ, ახალ „აღმატებით” ტრიადას მივიღებთ, რომელთაგან Augmented Reality უკვე გვაქვს და მისი სრულფასოვანი რეალიზაცია დროის საკითხია. ხოლო თუ როგორი იქნება „აღმატებითი სიმბოლური” და „აღმატებითი წარმოსახვითი” რაობები, ან იქნება თუ არა ისინი საერთოდ, ამას ზემოხსენებული ნათელი და გაბრწყინებული მომავალი გვიჩვენებს. 
 

კომენტარები