არა იბოზო!

ღმერთს სამება უყვარს. ჰოდა, ჟანრის გათვალისწინებით, მეც სამიოდე ციტატას მოვიტან დღეს მოღვაწე ქართველ მამათა ქადაგებებიდან. ვინძლო სწორედ ამ ციტატებში ინახება იბერიის გაბრწყინების გასაღები. მართალია, სხვა ქადაგებებშიც უხვადაა გაბნეული ნამდვილი მარგალიტები, თუმცა დღეს ეს ვიკმაროთ. მაშ ასე:

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: „ჩრდილოეთი დაიშლება, დასავლეთი ოკეანეში ჩაიძირება. იცით თქვენ, რომ ამერიკა – კონტინენტი, საერთოდ აღარ იარსებებს? [...] რად ღირს თუნდაც 5 მართლმადიდებელი მამის წინასწარმეტყველება ევროკავშირის შექმნასთან დაკავშირებით. ბუნდოვნად კი არა, წელი არის ზუსტად დასახელებული: „1992 წელს ევროპის კონტინენტზე უკანასკნელ ჟამს შეიქმნება ევროპის სახე”. კი ბატონო, თქვენ იტყვით – შეიქმნა, მერე რა? რა და, მალე გაბატონდება ანტიქრისტე!”.
 
მაშასადამე, სასწაულად გაგვიმართლა, ევროკავშირში რომ არ ვართ. ნუთუ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენთან არს ღმერთი? რადგან საკითხავია, თუ არა მან, მაშ ვინ დაგვიფარა ამ წარწყმედილ კავშირში შესვლისგან? ვინ გვიხსნა ესოდენ მძიმე განსაცდელისგან?
მამა დავით ქვლივიძე: „ღმერთი, სანამ მეორედ მოსვლა დაიწყება, ადამიანთა ჭკუაზე მოსაყვანად დაუშვებს და იქნებიან ადგილ-ადგილ მიწისძვრანი დიდ-დიდნი. [...] ამის მიზეზი არის დედამიწაზე გავრცელებული უზნეობა და გარყვნილება. იაპონიაში საერთოდ ქალწულობის ინსტიტუტი აღარ არსებობს. ქალი, სანამ გათხოვდება, თვითონ შოულობს ფულს. თავისი სხეულის გაყიდვით აგროვებს ფულს და ამითი თხოვდება. ყველა ფეხის
 
ნაბიჯზე არის სამეძაო სახლები. და ეს სამარცხვინო კი არ არი, ჩვეულებრივი მოვლენაა”.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ვერანაირი მრეწველობა ვერ გადაარჩენდა საქართველოს. როგორც გაირკვა, ვერც ბორჯომისა და ქართული ჩაის ექსპორტმა
 
გვიხსნა, წლების წინ რომ გვიმტკიცებდნენ. იქნებ, მართლა ქალწულობაღა გვიხსნის განსაცდელისგან?
 
მამა დავით ისაკაძე: „დიპლომატია და ეკლესია სრულიად სხვადასხვა ცნებაა. დიპლომატია ეკლესიაში ვერ შედგება. რადგანაც ეკლესია მკაცრად განსაზღვრავს: ან უნდა თქვა სათქმელი, როგორც არის ეკლესიის სწავლების მიხედვით, ან შენ უნდა დადგე ეკლესიის გარეთ. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის. [...] მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა ერთი პედოფილი პიროვნება, გვარად გვახარია. პედოფილია, დიახ, მე ხაზს ვუსვამ ამას. რადგანაც ადამიანი, რომელიც ბავშვებში სექსუალურ აღზრდას ქადაგებს, არის პედოფილი და მას სჭირდება განცალკევება საზოგადოებისგან. ამ ადამიანს ალბათ კლინიკა სჭირდება, რათა ჩაკეტონ და უმკურნალონ”.
 
ვიცი, ცოდვა გამხელილი ჯობს. ამიტომ როგორც რიგითი ცოდვილი გავამხელ: თუკი მამა დავითს აქვს უფლება გვახარიას პედოფილობა დააბრალოს, რატომ მე არ მაქვს უფლება, რომ მამა დავითს ნეკროფილი ვუწოდო? თანაც ცილისმწამებელი. შორსაც რომ არ წავიდეთ, თუკი სექსუალური განათლება პედოფილიაა, ამავე ლოგიკით, მიცვალებულთა ნეშტებისადმი პიეტეტი რატომ არ არის ნეკროფილია? მე კი ვიცი, რომ არ არის, მაგრამ ასევე ვიცი, რომ არც ბავშვების სექსუალური განათლებაა პედოფილია. თუმცა შეკითხვაზე პასუხი მაინც მაინტერესებს – პირდაპირი პასუხი, არადიპლომატიური ანუ ეკლესიური. მაინტერესებს, არის თუ არა მამა დავითი ნეკროფილი?
 
ყველაფერ ზემოთქმულის გათვალისწინებით (თან შეკითხვაც რომ გავასამო), ბარემ ვიკითხავ, არის თუ არა ცილისწამება ეკლესიის სწავლება? და კიდევ, მე უვიცს აქვე მაინტერესებს ისიც, თუ როგორ გავიგო ღვთაებრივი ემანაცია. ემანაციის პარადიგმა ხომ თეოდიცეის პრობლემას ხსნის. ანუ სიბოროტე აქ განპირობებულია სამყაროს მოწყობის იერარქიით, რომელიც სემანტიკურად გამომდინარეობს ემანაციის იდეიდან. რამდენადაც ემანაციის ყოველი მომდევნო დონე წინამორბედისგან სრულყოფილების ხარისხით განსხვავდება, და სიბოროტე სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის კანონზომიერი, ბუნებრივი ნაკლი.
 
დაბოლოს, ნუთუ ქართული ეკლესიის მიხედვით ასე გამოიყურება იბერიის გასაბრწყინებელი ფორმულა? 1. ევროკავშირში არ შევიდეთ. 2. ვიყოთ ქალწულები. 3. გვახარია კლინიკაში მოვათავსოთ. 
 

კომენტარები