თბილისის მერია

კალაძე: ვითვალისწინებთ თბილისელების სურვილს - საახალწლო განათებები აღარ გამოირთვება

კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დღეიდან თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები აღარ გამოირთვება.

მისი განმარტებით, სადღესასწაულო განწყობა, რაც საახალწლო ილუმინაციებით მორთულ ქუჩებს მოაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია არსებულ სიტუაციაში. კალაძე ამბობს, რომ ბევრმა მიმართა მერიას თხოვნით, არ გამოირთოს საახალწლო განათებები კომენდანტის საათის დროს. 

"რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ამ განათებებს შეზღუდვის საათებში? დღესაც მერიაში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე, თუ როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ? გუშინდლიდან  მოყოლებული, არაერთმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, არ გამოგვერთო საახალწლო განათებები. როგორც ვმსჯელობდით, ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესული საქმიანობის მქონე პირები - პოლიციელები, ექიმები, ჟურნალისტები, თბილსერვისის თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი საქმის  გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან, აივნებიდან მოჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული - გამხიარულებული  ქალაქი.

თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ  დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს. შესაბამისად, ვითვალისწინებთ თითოეული თბილისელის სურვილს - დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული! კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს,  ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის  სურვილს ჩვენს გულებში, იმედს  ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს!" - აცხადებს დედაქალაქის მერი. 

კომენტარები