თბილისის მერია

მერია: შეზღუდვების საათებში, ნაძვის ხის გარდა, ქუჩებში საახალწლო განათებები გამოირთვება

ტაბულა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან, შეზღუდვების საათებში, დედაქალაქის ძირითად ქუჩებსა და უბნებში საახალწლო განათებები გამოირთვება, გარდა მთავარი ნაძვის ხისა. მერიაში მიზეზად "ქვეყანაში შექმნილ ვითარებას" ასახელებენ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შპს თბილსერვის ჯგუფმა, რომელიც საახალწლო ილუმინაციების მონტაჟსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ზოგიერთ ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები განათების ბოძებზეა დაერთებული.

"თბილისის გარკვეულ ქუჩებზე დამონტაჟებულია ძველი საახალწლო კონსტრუქციები, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია, რის გამოც, მათი ჩართვა–გამორთვა მოხდება გარე განათების ჩართვა–გამორთვის დროს. შესაბამისად, მსგავს ქუჩებზე განათებები არ გაითიშება.

ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ, იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, შემდეგი დღის ბოლომდე გაითიშება". – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისერვის ჯგუფმა საახალწლო განათებებისთვის ჯამურად ქალაქის მოსართავად 854 000 ლარი დახარჯა. აქედან დაახლოებით 200 ათასი ლარი წინა წელს მილიონ ლარად ნაყიდი იტალიური ნაძვის ხის გასაახლებლად, ხოლო 659 000 ლარს ახალი საახალწლო განათებებისა და ილუმინაციების შესაძენად დახარჯავს.

კომენტარები