კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს მთავრობა

"ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად" – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე 24 დეკმებრიდან ქვეყანაში შეზღუდვების შესაძლო მოხსნის შესახებ კითხვას.

"ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. აქედან გამომდინარე, იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომლებიც ექნებათ ეპიდემიოლოგებს და შრომითი უსაფრთხოების სამსახურს". – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრები, ასევე, ღია და დახურული ბაზრობები მუშაობას აღადგენენ. ასევე, ამ პერიოდში აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 244 პაციენტი. 18 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 204 003 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 171 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 002 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები