დოპინგის სკანდალი

რუსეთს აკრძალვა შეუმსუბუქეს - ქვეყანა ოთხის ნაცვლად მომდევნო ორ ოლიმპიადას გამოტოვებს

AP

რუსეთის ოთხწლიანი აკრძალვა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე განახევრდა. გადაწყვეტილება, რომელიც შვეიცარიის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო, რუსეთსა და ანტიდოპინგურ მარეგულირებლებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლის კულმინაციას წარმოადგენს. ანტიდოპინგ მარეგულირებლები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი იყენებდა დოპინგის დახვეწილ სქემებს მედლების ასაღებად. 

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად რუსეთს არ ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა მომდევნო ორ ოლიმპიადაში - ტოკიოს საზაფხულო ოლიმპიადაში, რომელიც შემდეგ ზაფხულს გაიმართება და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაში პეკინში - თუმცა, გადაწყვეტილება შესაძლებლობას უტოვებს რუს ათლეტებს, მიიღონ მონაწილეობა, როგორც "ნეიტრალურმა მეტოქეებმა", რუსეთის დროშისა და სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენების გარეშე.

დოპინგის მსოფლიო მარეგულირებელმა, რომელმაც შარშან ოთხწლიანი აკრძალვა გამოსცა, სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სხვები ანტიდოპინგის სფეროში ორწლიან აკრძალვას საკმარისად არ მიიჩნევენ. მათი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება სასაცილოა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პანელმა წარმოადგინა საფუძვლიანი მტკიცებულებები, რომ რუსეთმა დოპინგის სქემა განახორციელა და ამის შენიღბვას ცდილობდა. 

აშშ-ს ანტიდოპინგის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ტრევის ტიგარტმა შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც "მსუბუქი სასჯელი და კატასტროფული დარტყმა პატიოსანი ათლეტებისთვის, სამართლიანი სპორტისთვის და კანონის უზენაესობისთვის".

რუსეთი დოპინგის სქემის გამოყენებაში მოსკოვის დოპინგის ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა, დოპინგის სქემის ერთ-ერთმა არქიტექტორმა, გრიგორი როდჩენკოვმა ამხილა. სქემის ფარგლებში, რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის წარმომადგენლები ანაცვლებდნენ რუსი ათლეტების დოპინგის შემცველ ნიმუშებს "სუფთა" ნიმუშებით, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების განმავლობაში. როდჩენკოვის ადვოკატი ამბობს, რომ რუსი ათლეტებისთვის მონაწილეობი ნების დართვა "უაზრობაა და დაუმსახურებელია," როდჩენკოვმა, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, გამოააშკარავა, რომ ასეულობით დოპინგის შედეგი მანიპულირებული იყო, ვიდრე ოფიციალურ ჩანაწერებში მოხვდებოდა, რაც რუს ათლეტებს აძლევდა საშუალებას, გამოეყენებინათ დოპინგის უპირატესობები სპორტულ ღონისძიებებში. 

2016 წელს, ანტიდოპინგის სააგენტოებმა, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ როდჩენკოვის დისკრედიტაციის მიზნით მტკიცებულებების ფაბრიკაცია და ტესტირების მონაცემთა ბაზის მანიპულაცია დაიწყო, ოთხწლიანი აკრძალვა მოითხოვეს, რასაც მაშინ მსოფლიოს ანტიდოპინგის სააგენტოც დათანხმდა.

კომენტარები