რემდესივირი

ვის დაენიშნება რემდესივირი და როგორია მისი გამოყენების ქართული პროტოკოლი

European Pharmaceutial Review

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრეპარატ რემდესივირის გამოყენება მაქსიმუმ 21 დეკემბერს დაიწყება. მისი ინფორმაციით, შემოტანილია 4 000 ფლაკონი იმ პაციენტებისთვის, "ვისაც ეს სჭირდება".

ცერცვაძისვე თქმით, თუ ექიმები ჩათვლიან, რომ მედიკამენტმა გაამართლა და შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს ახალი პარტიის შემოტანას.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველომ რემდესვირის გამოყენების სრულიად ახალი პროტოკოლი შეიმუშავა. მისი თქმით, პროტოკოლის შედგენისას მხოლოდ ის გაიდლაინები გამოიყენეს, რომლებმაც იცოდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოსაზრება რემდესივირის არაეფექტიანობის შესახებ, თუმცა, პრეპარატს მაინც გაუწიეს რეკომენდაცია. 

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ, განსხვავებული აზრის არსებობის მიუხედავად, საქართველოში აუცილებლად უნდა შემოგვეტანა რემდესივირი. მსოფლიოში ყველასთვის თუ ხელმისაწვდომია, ქართველი პაციენტი რატომ უნდა დაიჩაგროს? საქართველოშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს, დაე, ექიმებმა და თავად პაციენტებმა გადაწყვიტონ, გამოიყენონ თუ არა ეს მედიკამენტი. მისი შემოტანა ყველა შემთხვევაში გამართლებულია“. – განაცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, რემდესივირის გამოყენება ეფექტიანია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე.

"არის გარკვეული მოლოდინი და საფრთხე იმისა, რომ უცებ ყველამ არ მოინდომოს რემდესივირის გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება ლოჯისტიკურადაც.

მინდა, ყველამ იცოდეს, რომ რემდესივირი არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის მისი გაკეთება არ შეიძლება.

რემდესივირი ენიშნებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც ჰოსპიტალიზებულია. ჰოსპიტალს გარეთ - ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია.

რემდესივირი ენიშნებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც ჟანგბადდამოკიდებულია, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც რემდესივირი სჭირდება.

პაციენტისთვის, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, რემდესივირის გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგაა ნაჩვენები.

გარდა ამისა, რემდესივირი ეფექტიანია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე. შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ. რემდესივირი არის ანტივირუსული მედიკამენტი, სხვა მექანიზმი მას არ აქვს და ის დროზე უნდა მივცეთ პაციენტს, რომ ვირუსი არ გამრავლდეს, თორემ მეათე დღის შემდეგ ვირუსის გამრავლება ისედაც წყდება ორგანიზმში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები