მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის რამდენიმე ათეული სამხედრო ტყვედ ჩავარდა

RIA

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის რამდენიმე ათეული სამხედრო ტყვედ ჩავარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის დეფაქტო პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა დაადასტურა.

"სამწუხაროდ, ხცაბერდთან ახლოს ჩვენი რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდა. ახლა თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, ყველაფერი გაარკვიოს". – წერია განცხადებაში რომელიც ჰარუთიუნიანმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. მან პირობა დადო, გაეკეთებინა ყველაფერი ტყვეების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის.

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის არმიამ 15 დეკემბრის საღამოს დაკარგა კავშირი რამდენიმე საბრძოლო პოსტის შემადგენლობასთან, რომლებიც გადრუტის რაიონის სოფლების ხინ ტახერისა და ხცაბერდის მიმართულებით იყვნენ დისლოცირებულები.

14 დეკემბერს სომხეთის ვიცეპრემიერმინისტრმა, ტუგრამ ავინიანმა, თქვა, რომ 44 სომეხი პატიმარი უკვე სომხეთში დააბრუნეს.

ასევე, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავით 12 აზერბაიჯანელი ტყვე ჩაიყვანეს ბაქოში.

რამდენიმე დღის წინ ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ტყვეების გაცვლა არამხოლოდ ომის მიმდინარეობისას დატყვევებულ პირებს, არამედ იმ პირებსაც უნდა შეეხოს, ვინც ომის დაწყებამდე ჩავარდა ტყვედ.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები