უნგრეთი

უნგრეთში მიიღეს კანონი, რომელიც LGBT თემის წევრებს შვილის აყვანის უფლებას უზღუდავს

ვიკტორ ორბანი
Getty Images

სამშაბათს, 16 დეკემბერს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ლგბტქ+ თემის უფლებებს ზღუდავს. ხელისუფლების განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები "ტრადიციული" ფასეულობების დაცვას ემსახურება.

ახალი კანონი შვილის აყვანის უფლებას აძლევს მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს, რის შედეგადაც ერთსქესიან წყვილებს ფაქტობრივად აეკრძალათ შვილის აყვანა. უნგრეთში ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება არ აქვთ. გამონაკლისი შემთხვევებში შვილის აყვანის უფლება ოჯახის საქმეთა მინისტრმა უნდა გასცეს. 

საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში კონსტიტუციაში შეიცვალა და დაკონკრეტდა მშობლების განმარტება: "დედა არის ქალი, მამა არის კაცი".

კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება "უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდას (უნგრეთის) ქრისტიანული კულტურის შესაბამისად".

ხელისუფლების განმარტებით, "დასავლეთში იდეოლოგიური პროცესები" საჭიროს ხდის "ბავშვების დაცვას შესაძლო იდეოლოგიური და ბიოლოგიური ჩარევებისგან".

ადამიანთა უფლებების ჯგუფებმა ცვლილებები უნგრეთისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს და გააკრიტიკეს.

"ეს მძიმე დღეა უნგრეთის ლგბტქ+ თემისთვის და მძიმე დღეა ადამიანთა უფლებებისთვის". – თქვა დევიდ ვიგმა, Amnesty International Hungrary-ის დირექტორმა.

პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანისა და მისი მმართველი პარტიის ფიდესის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რამდენიმე სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება გატარდა, რომელიც ლგბტქ+ თემის უფლებებს ზღუდავს.  მაისში უნგრეთში აიკრძალა სამართლებრივ დონეზე გენდერის შეცვლა და აღიარება, რაც ნიშნავს, რომ ტრანსგენდერ და ინტერსექს ადამიანებს არ შეუძლიათ დაბადებისას მათთვის მინიჭებული გენდერის სამართლებრივი ცვლილება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ცვლილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლო აპირებს, ცვლილებები განიხილოს.

კომენტარები