აშშ

ბაიდენმა პრაიმერში მისი ყოფილი კონკურენტი ტრანსპორტის მინისტრის პოსტზე წარადგინა

ჯო ბაიდენი და პიტ ბუტიჯეჯი

აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენი კაბინეტის წევრობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მან დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ყოფილი კონკურენტი, ქალაქ საუს ბენდის ყოფილი მერი, პიტ ბუტიჯეჯი დაასახელა.

"მე მას ვასახელებ ტრანსპორტის მინისტრის პოსტზე, რადგან ეს პოზიცია არის ჩვენ წინაშე არსებული ბევრი გამოწვევისა და შესაძლებლობის მაკავშირებელი რგოლი. სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურა, თანასწორობა, კლიმატი და სხვა თემები ამ დეპარტამენტში ერთიანდება და ის ჩვენი ყველაზე ამბიციური გეგმების ადგილია". – თქვა ბაიდენმა.

38 წლის ბუტიჯეჯი სენატის მიერ პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში LGBTQ თემის პირველი ღია წარმომადგენელი იქნება აშშ-ს მინისტრთა კაბინეტში.

ბუტიჯეჯმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველასთვის მოულოდნელად დემოკრატიული პრაიმერის პირველ ეტაპზე საკმაო წარმატება მოიპოვა, გაიმარჯვა აიოვაში ჩატარებულ პირველ პრაიმერში, შემდეგ კი ბერნი სანდერსთან და ჯო ბაიდენთან ერთად ლიდერობდა, თუმცა მალევე საკუთარი კანდიდატურა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ მოხსნა და ამის შემდეგ მის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა. ბუტიჯეჯი პირველი ღიად გეი კანდიდატი იყო, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატობაზე იყრიდა კენჭს.

ბაიდენმა უკვე დაასახელა კანდიდატები თავდაცვის მდივნის, სახელმწიფო მდივნის და სხვა პოსტებზე.

კომენტარები