S-400 ანტისარაკეტო სისტემა

ლავროვი რუსული S-400-ების გამო თურქეთისთვის დაწესებულ ამერიკულ სანქციებს უკანონოს უწოდებს

სერგეი ლავროვი
Daily Mail

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ რუსეთისგან S-400-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის გამო შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები თურქეთის წინააღმდეგ არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართლისადმი ქედმაღლური დამოკიდებულებაა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Interfax ავრცელებს.

თურქეთისთვის დაწესებულ ამერიკულ სანქციებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფიც გამოეხმაურა. მან დაგმო აშშ-ს სანქციები და თქვა, რომ ეს ქმედება "საერთაშორისო სამართლის შეურაცხყოფაა". ზარიფმა თურქეთის მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამერიკული სანქციები შეეხო თურქეთის თავდაცვის მრეწველობის მმართველობის სააგენტოს, მის ხელმძღვანელ ისმაილ დემირს და კიდევ სამ თურქ მაღალჩინოსანს. სააგენტოს აეკრძალა ამერიკული საექსპორტო ლიცენზიების გამოყენება, ხოლო სანქცირებულ პირებს შეეზღუდათ აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლის უფლება და მათი ანგარიშები აშშ-ში გაიყინება.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ცალმხრივი სანქციები. უწყების თანახმად, თურქეთი "გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ".

თურქეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსეთისგან S-400-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემა იყიდა. სამხედრო ტექნიკის შეძენაზე თურქეთი რუსეთთან 2017 წელს შეთანხმდა. ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების მიღება თურქეთმა 2019 წლიდან დაიწყო.

2019 წელს რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მ თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები პროგრამიდან მოხსნა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს თვითმფრინავების სისტემაზე ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მისცემს და საფრთხეს შეუქმნის მას.

დეკემბერში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დახმარების და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება არღვევს აშშ-ს 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით), რომლითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

სირიაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს ჯეფრიმ 5 მარტს სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

30 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს იმის შეფასებას, თუ როგორ უპასუხებს თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას.

აგვისტოში რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატის, როსტეკის უფროსმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთში S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის დამატებითი პარტიის გაგზავნის კონტრაქტს, სავარაუდოდ, 2021 წელს ხელს მოაწერს.

23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსეთისგან ნაყიდ S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს უკვე ცდის და აშშ-ს პოზიცია არ აინტერესებს.

კომენტარები