თბილისის მერია

კალაძე აფრიკის დასახლებაზე: ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება


"ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება" – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენები, სადაც ხდება უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევა, რასაც მაცხოვრებლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის დაკავებულია 8 ადამიანი.

კალაძის თქმით, ამ ადამიანებს აქვთ სახლებიც და მიწებიც, ხოლო მოცემულ ტერიტორიაზე კი მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას.

"არ გაავრცელოთ არასწორი ინფორმაცია, არ მოატყუოთ მოსახლეობა. იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები, მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება და გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ წლების შემდეგ მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების რაღაცნაირად მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია. ეს არის ის ადამიანები, ვისაც აქვთ სახლები, მიწები და ა.შ. ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იყოს გარკვეული ჯგუფები." – ამბობს თბილისის მერი


თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."


26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

EMC-ის განცხადების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისული მდგომარეობის პარალელურად, უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის არარსებობა და საცხოვრისის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ საკუთარი ვალდებულებების არასაკმარისი გააზრება უამრავი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების საფუძველი ხდება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, მიუსაფარი პირების დაუყოვნებლივი იდენტიფიცირების, მათი ფიზიკური გადარჩენისა და მხარდაჭერის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი თავისი ინიციატივით უსახლკარო ადამიანების პოტენციურ რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პირდაპირი საფრთხის ქვეშ აყენებს.

კომენტარები