ყარაბაღის კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო აზერბაიჯანელი სამხედროები დააკავეს

Reuters

აზერბაიჯანში განაცხადეს, რომ დააკავეს 2 სამხედრო, რომელთაც ბრალად ედებათ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დროს სომეხი სამხედროების ცხედრების დასახიჩრება. მათ საკუთარი ქმედებები გადაიღეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

კიდევ ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დააკავეს სომხურ სასაფლაოზე საფლავის ქვების განადგურების გამო.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ეს ინციდენტები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანელი ხალხის მენტალიტეტს.

პარალელურად სომხეთმა და აზერბაიჯანმა პატიმრების გაცვლა დაიწყეს. პროცესში შუამავლის როლს რუსი სამშვიდობოები ასრულებენ. რუსული თვითმფრინავით სომხეთში 44 პირი დაბრუნდება, სომხეთი კი აზერბაიჯანს 12 პატიმარს გადასცემს.

სომხეთში 19 დეკემბრიდან მთიან ყარაბაღში დაღუპულთათვის სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდება.

სომხეთის ინფორმაციით, კონფლიქტს მათ მხარეს 2 996 სამხედრო და 55 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

აზერბაიჯანმა დაღუპული სამხედროების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაავრცელა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, დაიღუპა 2 783 ჯარისკაცი და 100 მშვიდობიანი მოქალაქე. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 100-ზე მეტი სამხედრო.

შეიარაღებული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში 27 სექტემბერს განახლდა.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

გასულ კვირას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 10 ნოემბრის შეთანხმების შემდეგ 4 ჯარისკაცი მოკლეს.

კომენტარები