ევროპარლამენტი

კუბილიუსი ენმ-სთვის კობახიძის მუქარაზე: ოპოზიციის დაშინება ავტორიტარული პრაქტიკაა

...მე მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, იმისათვის, რომ, პირველ რიგში, მივმართო მმართველ პარტიას. ცხადია, მმართველ პარტიას უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას. მე უაღრესად შოკირებული ვარ გუშინდელი ძალიან პროვოკაციული პოლიტიკური განცხადებით მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერისგან, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია დაიშლება ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით. ეს გარკვევით ავტორიტარული პრაქტიკაა, დააშინო ოპოზიცია და ეს არ არის ის გზა, რომლითაც დიალოგი გექნება. ეს არის გზა, თუ როგორ გაანადგურო დიალოგი და საჭირო რეფორმების შესაძლებლობა. მე დაჟინებით მოვუწოდებ მმართველ პარტიას, უარყონ ასეთი პროვოკაცია. მე ასევე დაჟინებით მოვუწოდებ მმართველ პარტიას, შეხედონ სერბეთის მაგალითს, სადაც მმართველმა პარტიამ ვერ მოახერხა ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა, თუ როგორ ჰყავდეთ ოპოზიცია პარლამენტში - მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ არჩევნები არა 2024 წელს არამედ 2022 წელს ჩაატაროს. 

ბოლოს კი მინდა, ოპოზიციას მივმართო. თქვენც გაქვთ თქვენი ნათელი პასუხისმგებლობა - არ დაუშვათ, რომ პროვოკაციების წარმატებამ გაანადგუროს დიალოგი და შესაძლებლობები საქართველოსთვის. საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, სადაც ოპოზიცია თამაშობს თავის ყველაზე მნიშვნელოვან როლს პარლამენტში და არა ქუჩაში. მე ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარეს ექნება საკმარისი პასუხისმგებლობა და რაციონალურობა იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს საქართველოსთვის და მთელი ევროპისთვის, [რაც] ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვა 10 დეკემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა. სხვა საკითხებთან ერთად, ის გამოეხაურა 9 დეკემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა: "ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროეტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს". კობახიძის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს" და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის. ენმ-მ, რომელსაც ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ბოლო არჩევნებში ოფიციალურად 27.8% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა.

კომენტარები