ქართული ოცნება

კობახიძე: რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს

"ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროეტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს". - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი არ აკმაყოფილებს "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს" და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

"ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას.

მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს, ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება.

მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისთვის, უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უმრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ.

საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია.

ამისთვის, ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროეტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ეს ცვლილებები უზრუნველყოფს არამხოლოდ კონსტიტუციის მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში". - განაცხადა კობახიძემ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ბოლო არჩევნებში ოფიციალურად 27.8% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა.

კომენტარები