რუსეთი

რუსული Sputnik V-ის შემქმნელი: ვაქცინაციის შემდეგ 6 დღით ალკოჰოლი არ მიიღოთ

გამალეიას ინსტიტუტში, სადაც რუსული კორონავირუსის ვაქცინა Sputnik V განავითარეს, განაცხადეს, რომ ვაქცინის Sputnik V მიღების შემდეგ პაციენტმა ალკოჰოლი 6 დღის განმავლობაში არ უნდა მიიღოს. რუსეთის ოფიციალური პირების თავდაპირველი რეკომენდაციით, ეს ვადა 42 დღეა. 

"ეს მხოლოდ მოხმარების გონივრული შეზღუდვის საკითხია, სანამ სხეული არ შექმნის თავის იმუნურ პასუხს კორონავირუსის ინფექციაზე. ეს მართალია არა მხოლოდ Sputnik V-სთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ვაქცინისთვისაც... ჩვენ მკაცრად გირჩევთ ალკოჰოლისგან თავის შეკავებას ყოველი ვაქცინაციიდან სამი დღის განმავლობში". - თქვა სახელმწიფო გამალეიას კვლევით ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ გინცბურგმა

მისივე თქმით, ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება თრგუნავს იმუნურ სისტემას, ამცირებს Sputnik V- ის ეფექტურობას "ან, თუნდაც უაზროდ აქცევს მას".

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ არდადეგების დროს ალკოჰოლის სრულ აკრძალვაზე". - დასძინა მან. 

მისი შეთავაზება ეწინააღმდეგება რუსი ოფიციალური პირების თავდაპირველ რეკომენდაციას, რომ იმუნურობის დამთრგუნველი ისეთი საშუალებები, როგორც მაგალითად ალკოჰოლია, ვაქცინაციამდე 14 დღე და მის შემდეგ 42 დღე არ მიიღონ.

"შამპანურის ერთ ჭიქას არავისთვის არაფერი დაუშავებია". - თქვა გინცბურგმა მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს ანა პოპოვამ, რომელიც ხელმძღვანელობს რუსეთის მომხმარებელთა უსაფრთხოების  ორგანიზაციას და Covid-19-ზე რეაგირების უმაღლესი წარმომადგენელია, 56 დღის ალკოჰოლის არმიღების შესახებ განაცხადა.

ოფიციალური პირების თქმით, Sputnik V უკვე, დაახლოებით, 100 000-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო.

რუსეთში ოფიციალურად 2.5 მილიონზე მეტი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 44 000-ზე მეტი ადამიანი.

3 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ მომდევნო კვირიდან რუსეთის მოსახლეობის კორონავირუსის რუსული ვაქცინით აცრა დაიწყოს.

პუტინის ბრძანება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი პირველი დასავლური ქვეყანა იქნება, სადაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გამოსაყენებლად დაამტკიცეს და აცრები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

რუსეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსის ვაქცინა დაარეგისტრირეს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მუშაობა და ტესტირება ჯერ დასრულებული არ იყო. ვაქცინის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ის 95%-ით ეფექტიანია. მოგვიანებით რუსეთის კორონავირუსის მეორე ვაქცინაც დარეგისტრირდა. მიუხედავად პუტინის განცხადებებისა, რომ ორივე ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, თავად აცრა ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები