აშშ-ჩრდილოეთ კორეა

აშშ-მ რამდენიმე კომპანიას ჩრდილოეთ კორეის ქვანახშირის ექსპორტისთვის სანქციები დაუწესა

აშშ-მ სანქციები დაუწესა 6 კომპანიასა და 4 გემს, რომლებსაც ბრალად ედებათ ჩრდილოეთ კორეის ქვანახშირის უკანონო ექსპორტი. სანქცირებულ კომპანიებს შორის რამდენიმე ჩინეთში არსებულია.

გაეროს უშიშროების საბჭომ 2017 წელს ჩრდილოეთ კორეული ქვანახშირის ექსპორტი აკრძალა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2006 წლიდან ჩრდილოეთ კორეას სანქციები აქვს დაწესებული, რათა შეჩერდეს ფხენიანის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების დაფინანსება.

"ჩრდილოეთ კორეა გაეროს მიერ ნახშირის ექსპორტის აკრძალვისთვის აგრძელებს გვერდის ავლას - ძირითადი შემოსავლის წყარო, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამების დაფინანსებაში ეხმარება". – აღნიშნა აშშ-ს სახაზინო მდივანმა სტივენ მნუჩინმა.

მანვე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ხშირად იყენებს ციხეებიდან იძულებით მუშა ხელს, მათ შორის, ქვანახშირის ინდუსტრიაში, რათა უკანონო პროგრამები წინ წასწიოს.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქცირებულ გემებს Calm Bridge-ს, Asia Bridge-ს, Lucky Star-სა და Star 18-ს ჩრდილოეთ კორეის პორტებიდან ტვირთი რეგიონში მიჰქონდა.

სანქცირებული კომპანიებია ჩინეთში არსებული Weihai Huijiang Trade Ltd, Always Smooth Ltd და Good Siblings Ltd. აღსანიშნავია, რომ Always Smooth Ltd და Good Siblings Ltd ბრიტანეთშიც არის რეგისტრირებული. 

სანქციები, ასევე, შეეხო ჰონგ-კონგში არსებულ Silver Bridge Shipping Co-HKG, ვიეტნამში არსებულ Thinh Cuong Co Ltd და კომპანიას Korea Daizin Trading Corporation, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ოპერირებს.

სანქცირებულებს აშშ-ში არსებული ნებისმიერი აქტივი ეყინებათ, ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება ეკრძალებათ.

კომენტარები