გრიპის ვირუსი

გამყრელიძე: გრიპის ვირუსიც გამოჩნდა, B ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ამ სეზონზე პირველად, ქვეყანაში გრიპის ვირუსმა უკვე დაიწყო ცირკულაცია, რაზეც გუშინდელი მონიტორინგის შედეგები მიუთითებს. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ ვაწარმოებთ ყოველკვირეულ მონიტორინგს და კვირაში ერთხელ ვაახლებთ გრიპის ვირუსის და რესპირაციული ვირუსების ცირკულაციას ქვეყანაში და პირველად, გუშინდელ მონიტორინგში, ორშაბათს გამოჩნდა, რომ B ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია...

გამოჩნდა გრიპის ვირუსიც, კორონავირუსთან ერთად. დეკემბერში, როგორც მოსალოდნელი იყო, გრიპის ვირუსი აქტიურდება, არ ვიცით, წელს რამდენად აქტიური იქნება... პრევენციული ღონიძიებების დაცვით, შესაძლოა, გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, იგივე პირბადის ტარებით, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ფაქტია, რომ გვექნება და კლინიკურად მოგეხსენებათ, გრიპის ვირუსით გამოწვეული რესპირაციული ინფექცია და კორონავირუსი დაახლოებით გავს ერთმანეთს, გამოცდილ ექიმს, რა თქმა უნდა, შეუძლია მისი დიფერენციაცია...".– ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ მოუწოდა, რესპირაციული ვირუსების აქტიურ ფაზაში შესვლის პარალელურად ყველა პრევენციული ზომები დაიცვან, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი პირბადის ტარებაა. მან ასევე ყველას, განსაკუთრებით კი რისკჯგუფებს და ორსულებს მოუწოდა, აიცრან გრიპის ვირუსზე.

გამყრელიძემ გუშინ, 7 დეკემბერს თქმა, რომ მოხსნილია ყველა ბარიერი და უკვე განურჩევლად ყველას შეუძლია გრიპის ვირუსზე აიცრას.

კომენტარები