თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

პროკურატურა: ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი 3 ადამიანს წარვუდგინეთ

საქართველოს პროკურატურამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი 3 ადამიანს წაუყენა.

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1-ელ დეკემბერს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ., რომლებიც გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი მერსედესით გადაადგილდებოდნენ, შპს "ზღვის ჰოსპიტალს" დაესხნენ თავს, რა დროსაც იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს. რ.ლ.-მ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თავდამსხმელებმა სამჯერ გაისროლეს, მათ შორის ვ.ნ-მ ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოკვლის განზრახვით, რ.ლ-ს მიმართულებით გაისროლა, თუმცა დაზარალებულს ტყვია ასცდა და მან გაქცევა და დამალვა შეძლო. აღნიშნულის შემდეგ ორივე თავდამსხმელმა ჰოსპიტალის მიმღებში შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სალაროში არსებულ 3 559 ლარს და გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავებმა 2020 წლის 3 დეკემბერს ი.წ გურჯაანის რაიონში, ხოლო გ.ჯ და ვ.ნ დუშეთის რაიონში დააკავეს. გ. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით, 0,502 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს". - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

"ი.წ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღება) წარედგინა, ვ.ნ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით  (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად)  236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით), ხოლო გ.ჯ-ს 25-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია განცხადებაში.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი პირველ დეკემბერს დააყაჩაღეს.

კომენტარები