გირჩი

"არა, რა სისულელეა, რას ბრძანებთ" – ვახო მეგრელიშვილი კითხვაზე, წავა თუ არა გირჩიდან

ON.GE

"არა, რა სისულელეა, რას ბრძანებთ" – ასე პასუხობს გირჩის პროპორციული სიის მე-4 ნომერი, ვახო მეგრელიშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს, თუ არა გირჩიდან წასვლას. 

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია გირჩში დარჩენა ამ პირობებში, როდესაც პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარს ამბობს, ვახო მეგრელიშვილი პასუხობს:

"აი, ეგ რომ ვერავის ვერ წარმოუდგენია, ვერც გოგას [ხაჩიძე] რომ ვერ წარმოუდგენია, ვერც ვერავის რომ ვერ წარმოუდგენია, მაგ ამოცანის ამოხსნა მოგვიწევს ჩვენ. დავსხდებით და ვიბრეინშტორმინგებთ".

ვახო მეგრელიშვილის თქმით, გირჩმა, შესაძლოა, ეს კონფლიქტი პოზიტიურად გამოიყენოს იმ კუთხით, რომ "დაშლაც კი ცივილური იყოს". 

"შეიძლება, ვიფიქროთ ფრაქციებზე ერთი პლატფორმის შიგნით, გირჩი 2.0-ის გაკეთებაზე და მილიონი რამ, ოღონდ, ეს არის საუბრის თემა, არა ამ სტუდიაში საუბრის თემა". – თქვა ვახო მეგრელიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ ერთი მხრივ, მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა.

ამ დრომდე უცნობია, რა წესით გადაწყდება, ვინ დატოვებს პარტიას და ვინ დარჩება გირჩში. ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ეს მხარდამჭერების გადასაწყვეტი იქნება.

ზურაბ ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას გუშინდელი Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს, ლანძღავს".

29 ნოემბერს იაგო ხვიჩია შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მისი მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს".

კომენტარები