გირჩი

მეგრელიშვილი ჯაფარიძეზე: ძალიან ვწუხვარ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღება გადაგვაქვს

Facebook/ გირჩი / Girchi

გირჩის თანადამფუძნებელი, ვახო მეგრელიშვილი გამორიცხავს, რომ პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, მასთან და გირჩის სხვა სპიკერებთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ, ოპოზიციურ მოლაპარაკებებს ეხებოდეს. 

როგორც ვახო მეგრელიშვილი მედიასთან განმარტავს, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით, მათი პოზიცია აბსოლუტურად ერთნაირი იყო. 

"დღევანდელი ვითარება, ცხადია, არის ძალიან სამწუხარო, მითუმეტეს, ქვეყანაში არის ასეთი მდგომარეობა, როდესაც ყველას ყურადღება ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე, პოლიტიკურ კრიზისზეა გადატანილი და მე ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ასე, რომ ჩვენ ამ საქმეში რაღაცაზე ყურადღება გადაგვაქვს". – ამბობს ვახო მეგრელიშვილმა.

გირჩის თანადამფუძნებლის ცნობით, მან არ იცის, რა მოხდა და რა იყო ზურაბ ჯაფარიძის პოსტის მიზეზი, თუმცა, ადასტურებს, რომ მას და ჯაფარიძეს ურთიერთობაში პრობლემები დიდი ხანია, რაც აქვთ. 

"მე თქვენთან ერთად მინდა, რომ გავარკვიო რა მოხდა, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ურთიერთობის პრობლემა ძალიან დიდი ხანია გვქონდა, ძალიან მოულოდნელი დროა ამისთვის შერჩეული და მე მართლა მაინტერესებს, რას ფიქრობს ზურა, როგორ აპირებს გაგრძელებას, როგორი იქნება ჩვენი კოორდინაცია ამ კრიზისულ პერიოდში. ყოველდღიურად ჩვენ ვიყავით ჩართულები მოლაპარაკებებში". – თქვა ვახო მეგრელიშვილმა. 

მის მსგავსად, ჯაფარიძის პოსტის წინაპირობა უცნობია პარტიის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიასთვისაც და თვლის, რომ მის "მეგობარს დახმარება ესაჭიროება". 

4 დეკემბერს პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ ერთი მხრივ მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა.

პარტიის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ პოსტი ნამდვილად ზურაბ ჯაფარიძეს ეკუთვნის, თუმცა არც მან იცის, ვინ წავა და ვინ დარჩება პარტიაში.

ზურაბ ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას გუშინდელი Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს სადაც შანსი აქვს, ლანძღავს".

29 ნოემბერს იაგო ხვიჩია შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მისი მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს".

კომენტარები